რუსეთი

მოსკოვში აქციის გაშუქების გამო Навальный Live-ის სტუდიაში პოლიცია შეიჭრა, დააკავეს ჟურნალისტი

რუსეთში ნიღბიანი პოლიციელები Навальный Live-ის სტუდიაში შეიჭრნენ, საიდანაც მოსკოვში მიმდინარე აქციის პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა. 

აქცია მოსკოვის მერიის წინ იმართება და იგი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ  არის. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე დამოუკიდებელი დეპუტატები დაუშვან. რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის აქციაზე 400 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ჟურნალისტი ვლადიმირ მილოვი, რომელიც Навальный Live-ისთვის ადგილიდან LIVE-ს უშვებდა.

ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს, მათ შორის ილია იაშინი, ლიუბოვ სობოლი, დმიტრი გუდკოვი, ივან ჟდანოვი და იულია გალიამინა. 

მოსკოვში ფართომასშტაბიანი აქციები 14 ივლისს დაიწყო. ათასობით მომიტინგე ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებასა და თავისუფალ, სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ითხოვს. 

მომიტინგეები მოსკოვის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას - ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებაზე უარის თქმას აპროტესტებენ.

კომენტარები