ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

რუსთავი 2

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე მაკა გველესიანმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოქრუაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებიდან, დაახლოებით, ერთ საათში მოსამართლე გველესიანმა სხდომა დახურა. ის 2017 წელს იუსტიციის უზენაესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა. 

20 ივნისის აქციის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად 25 ივლისს დაკავებულ კიდევ 4 პირს ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მათ შორის, ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილს, მორის მაჩალიკაშვილს.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

"დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, - აცხადებს შსს.

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის სამმა თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.

კომენტარები