20 ივნისის საქმე

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

0 კომენტარი
ფოტო: IPN

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მოსამართლე მაკა გველესიანმა 27 ივლისს შეუფარდა. ადვოკატის თქმით, ის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. 

ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან. 

"დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, - აცხადებს შსს.

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის სამმა თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები