რუსეთი

ნავალნის პირადი ექიმი დიაგნოზზე: "შესაძლოა უცნობი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება იყოს"

thetimes.co.uk

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას, მისი პირადი ექიმი ამბობს, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, შესაძლოა გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგი იყოს.

ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა 28 ივლისს საღამოს, განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 64-ე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური დიაგნოზით, ნავალნის მწვავე ალერგიული ფონი გამოუვლინდა.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, ნავალნისთან შეხვედრას და მისი დიაგნოზის გამოკვლევას შეეცადა, ოპოზიციონერის პირადი ექიმი. ოფთალმოლოგი, ანასტასია ვასილიევა და მისი კოლეგა, იაროსლავ აშიხმინი შეეცადნენ ნავალნი ადგილზე ენახათ და გამოეკვლიათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ვასიელევას ინფორმაციით, მათ შეძლეს რამდენიმე წუთით მეზობელი ოთახის ღია კარებიდან შეეფასებინათ პაციენტის მდგომარეობა. როგორც ვასილიევა თავის ფეისბუკ გვერდზე წერს, ნავალნის აღენიშნება მწვავე ჰიპერემია, ორივე თვალის გუგისა და ბადურის შეწითლება, ასევე, ჩირქოვანი გამონადენი მარჯვენა თვალიდან და ქავილი. ნავალნის, ასევე ზურგზე და ხელებზე აქვს გამონაყარი. ვასიელევას ინფორმაციით, სიმპტომები კერატო-კონიუქტივიტურ დერმატიტს და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციას ემთხვევა.

ვასიელევა გამორიცხავს ალერგიის დიაგნოზს და ამბობს, რომ ალერგიული ფონი ნავალნის არასდროს აღენიშნებოდა, მით უფრო, რომ ის იმ საჭმელს მიირთმევდა რასაც სხვა დაკავებულები და არანაირი ახალი პარფიუმერია და პირადი ჰიგიენის საშუალებები არ გამოუყენებია. ამავე პოსტში ვასილიევა წერს, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას უკავშირდებოდეს. 

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საავადმყოფოსთან ოპოზიციონერის მომხრეები შეიკრიბნენ, თუმცა მალევე ადგილზე ომონი გამოჩნდა და შეკრებილების დაპატიმრება დაიწყო. მათ შორის დაპატიმრებულია დოჟდის კორესპონდენტი, დანიილ სოტნიკოვი.

ნავალნი, 24 ივლისს საცხოვრებელ სახლთან დააპატიმრეს. ბოლო 30 დღის განმავლობაში ეს ნავალნის დაპატიმრების მეორე შემთხვევა იყო. იმავე დღეს, სასამართლომ ნავალნის, მიტინგის ორგანიზების წესების დარღვევისთვის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები