კეტი პერი

სასამართლომ კეტი პერის რეპერ FLAME-თვის 550 000 დოლარის გადახდა პლაგიატის გამო დააკისრა

კეტი პერი Dark Horse-ის ვიდეოში.

სასამართლომ კეტი პერისა და Capitol Records-ს პლაგიატის გამო ქრისტიანი რეპერი Flame-თვის 2,7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ამ თანხიდან 550,000 დოლარი კეტი პერიმ თავისი შემოსავლებიდან უნდა გადაიხადოს. სასამართლომ მომღერალი და ამერიკული ჩამწერი კომპანია საავტორო უფლებების დარღვევის მუხლით დამნაშავედ აღიარა.

საუბარია, კეტი პერის მიერ 2013 წელს ჩაწერილ სიმღერაზე Dark Horse, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც Flame-ის ადვოკატების თქმით რეპერის სიმღერიდან Joyful Noise-დან არის მოპარული.

სასამართლო სხდომის დროს კეტი პერიმ თქვა, რომ Flame-ის სიმღერა მოსმენილი არ ჰქონდა Dark Horse-ის ჩაწერამდე.

Flame-ი თავიდან კეტი პერის მიერ 20 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვდა, რადგან მისი წარმომადგენლის თქმით კეტი პერიმ და მისმა ჩამწერმა კომპანიამ სიმღერა Dark Horse-ით "მილიონები გააკეთეს". თუმცა, Capitol Records-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა რომ მათ ამ სიმღერიდან 32 მილიონი დოლარი მიიღეს, ხარჯების შემდეგ 630,000 დოლარი დარჩათ.

Dark horse 2013 წელს გამოვიდა, Joyful Noise კი 2011 წლის 21 იანვარს.

კომენტარები