ხოშტარია: 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელმაც დღეს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მოქალაქეები მოინახულა, ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხეში არსებული პირობები ნორმალურია. 

ხოშტარიას თქმით, ერთი რამ, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია, ისაა, რომ დაკავებულებს ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ. 

"დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ასევე, ციხის პირობები ნორმალურია. ამ კუთხით ოჯახის წევრებს შეუძლიათ, რომ არ ინერვიულონ. ერთი რამაა, რაც აუცილებლად ძალიან სწრაფად უნდა მოგვარდეს. აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, მათ ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია შეეზღუდათ. ყველას, ვისაც მე შევხვდი, შეზღუდული აქვს კომუნიკაცია, სატელეფონო საუბარი და ეს არის დამატებითი ტერორი ამ ადამიანების. გაუგებარია, რასთანაა ეს დაკავშირებული,"- ამბობს ხოშტარია. 

დეპუტატის თქმით, ის პირადად ესაუბრა დაკავებულებს და ისინი არათუ კავშირში არ არიან ოპოზიციურ პარტიებთან, პარტიების დასახელებებიც კი არ იციან. 

"ყველაზე მთავარი. პირადად ვესაუბრე ამ ადამიანებს. არათუ არაფერ შუაში არიან ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ საერთოდ ზოგიერთმა პარტიის დასახელებებიც კი არ იციან. ზოგმა გავრილოვის საკითხი საღამოს გაიგო. არათუ ძალადობა, ისინი ეხმარებოდნენ კიდეც სამართალდამცველებს და ისეთი ადამიანები არიან, ზოგს მადლობა ეთქმის კიდევ,"- თქვა ხოშტარიამ. 

ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად დღეს დილით მივიდა. სამწუხაროდ, მან 19 დაკავებულიდან მხოლოდ 10-ის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია. ხოშტარია განმარტავს, რომ მას დამატებით კიდევ ორ ადამიანზე მიაწოდეს ინფორმაცია და უახლოეს დღეებში მათაც მოინახულებს. 

20 ივნისის საქმეზე ამ დრომდე სულ 19 ადამიანია დაკავებული. 19-ვე მათგანს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 38 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

დღეს, 3 აგვისტოს პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჩვეულ ფორმატში გაიმართა. გამომსვლელებმა ხელისუფლების ქმედებებზე და დაკავებულებზე ისაუბრეს.

კომენტარები