აგვისტოს ომი

კანდელაკი: როგორ უნდა ვიბრძოლოთ დეოკუპაციისთვის, როცა მთავრობა რუსულ პროპაგანდას იმეორებს?

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკისა, და პარტიის პოლიტიკური მდივნის, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას, შესაბამისად, საქართველოს დააკისრეს.

კანდელაკის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა ომის დაწყების წლისთავს ოკუპაციის თემის აქტუალიზაციისთვის იყენებდეს, აქვეყნებდეს სტატიებს, უკავშირდებოდეს მსოფლიო ლიდერებს და ატარებეს კონფერენციებსა და შეხვედრებს, სადაც დეოკუპაციის თემის წინ წამოწევას მოითხოვდნენ, ისინი რუსული პროპაგანდის ჟანრის კლასიკებს იმეორებენ და საკუთარ ქვეყანას აგრესიაში ადანაშაულებენ. 

"თავი რომ დავანებოთ ამ მართლაც მცდარი მიდგომის შესაძლო სამართლებრივ შედეგებს, საერთაშორისო ასპარეზზე ამას უდიდესი პოლიტიკური ზიანი მოაქვს. როგორ უნდა ვიღვაწოთ ჩვენ დეოკუპაციისთვის, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენ ჩვენი ქვეყნის პოზიციები, როდესაც საკუთარი მთავრობა ჩვენსავე ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს და რუსულ პროპაგანდას იმეორებს?" - ამბობს კანდელაკი. 

დეპუტატი ასევე გია ვოლსკის განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ წინა ხელისუფლებამ "პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა მოახდინა". კანდელაკი ამას ტყუილს უწოდებს და ვრცლად განმარტავს:

"საზოგადოებას ახსოვს და, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ 1994 წლის შემდეგ, როცა საქართველო დამარცდა აფხაზეთის ომში, სადაც ასევე მეორე მხარე იყო რუსეთი, რუსეთმა მოახერხა ჩვენთვის თავს მოეხვია მისთვის ხელსაყრელი სამშვიდობო ფორმატი, რომლის თანახმადაც რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ ის ფაქტობრივად იყო მხარე, მას ჰქონდა შუამავლის სტატუსი და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები, რომელიც ამავდროულად იყო მხარე და ეს იყო სწორედ, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ჩვენი ერთერთი შეცდომა ის იყო და ამაზე პასუხისმგებლობას ვიზიარებთ, რომ უკეთესი იქნებოდა, ეს სტატუსი ჩამოგვერთმია რუსეთის ე.წ სამშვიდობო ძალებისთვის. მაგრამ როცა ბატონი ვოლსკი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაშალა რაღაც სამშვიდობო გეგმაო. ეს არის იმდენად მტკნარი სიცრუე და იმდენად ადვილად გადამოწმებადია, რომ უბრალოდ, სამარცხვინოა. კერძოდ, 2008 წლის დასაწყისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაიზის, და გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის და ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბატონი შტაინმაიერის ინიციატივით, წამოყენებული იქნა წინადადება ახალი მოლაპარაკებების ფორმატის შემუშავებასთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა კიდეც, მაგრამ როცა უკვე შემდგარიყო ეს ფორმატი და სრულმასშტაბიანად ამუშავებულიყო, ამ შეხვედრაზე, რომელიც უნდა გამართულიყო 2008 წლის ივლისში, არ გამოცხადდა აფხაზეთის ე.წ წარმომადგენლობა. ანუ ფაქტობრივად რუსებმა ჩაშალეს. აფხაზები არ ჩამოვიდნენ, დასვენების სეზონი დაიწყო და არ გვცალიაო. რუსეთმა ჩაშალა ეს მოლაპარაკებები. ბატონი ვოლსკის განცხადება არის არამხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ მავნებლური ტყუილი". 

კანდელაკმა ვოლსკის განცხადებიდან კიდევ ერთი მონაკვეთი გამოყო, სადაც უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ წინა ხელისუფლებამ ""მტრისათვის ნიღაბის ჩამოხსნის" აღსანიშნავი ზეიმი მოაწყო რუსთაველზე", რაშიც რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრება იგულისხმება. 

"იქ მონაწილეობდნენ სრულიად სხვადასხვა გემოვნებისა და პოლიტიკური შეხედულების ადამიანები და უამრავი მოქალაქე. ამასაც კი, რომლის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ საქართველო ოკუპაციასა და აგრესიას არასდროს შეეგუება და ამ კადრებმა მსოფლიო ეკრანები მოიარა და რუსეთსა და საქართველოს შორის საინფორმაციო ომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ამასაც კი ბატონი ვოლსკი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სამარცხვინოდ იყენებს,"- ამბობს კანდელაკი. 

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს გია ვოლსკისგან გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ის კომუნისტური პარტიის "ЦК-ს ინსტრუქტორი იყო". 

"1980-იან წლებში, როცა ჩვენი საზოგადოება იღწვოდა და იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, იგი მუშაობდა და ხელფასს იღებდა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ," - ამბობს გიორგი კანდელაკი. 

კომენტარები