თსუ

თსუ-ს ლექტორმა სტუდენტს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე სპეციალობის სტუდენტს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველომ ბუბა ნაჭყებიას წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

კანონმდებლობა წვრილმან ხულიგნობას ასე განმარტავს:

"საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს".

ამავე კანონის მიხედვით, ამ ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

საქმეზე სასმართლო განხილვები უკვე დაწყებულია. გიორგი გორაშვილისა და ბუბა ნაჭყებიას საქმეს მოსამართლე ნათია მერაბიშვილი განიხილავს. შემდეგი სხდომა 14 აგვისტოს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.

"ლექტორი გიორგი გორაშვილი, რომელსაც სახელმწიფომ სისხლის სამართლის დანაშაული აპატია, სასამართლოს შენობაშივე მემუქრება, რომ საფლავამდე ჩამყვება და უნივერსიტეტს დამატოვებინებს", - წერს სტუდენტი ფეისბუქზე.

ბუბა ნაჭყებია ტაბულასთან ჰყვება, რომ არსებობს ინფორმაცია გორაშვილის მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ, დაწყებული იყო გამოძიებაც, თუმცა პასუხისგებაში არ მისცეს. სტუდენტის თქმით, ფეისბუქზე შეხვდა ფოტო, სადაც ლექტორი სპორტსმენ ქალთან ერთად დგას. მან ეს ფოტო სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში, სადაც მხოლოდ სტუდენტები არიან, გადაიტანა წარწერით "როცა ცოლზე ვერ იძალადებ", კომენტარებში კი გორაშვილს აგინა.

სტუდენტი ამბობს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ გამომძიებელმა დაურეკა და მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ აცნობა. ბუბა ნაჭყებიას თქმით, საჭიროდ ჩათვალა საქმის კურსში ჩაეყენებინა ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, რომელმაც უთხრა, რომ თუ ლექტორს ბოდიშს მოუხდის, ის სარჩელს გამოიტანს.

"წამომიყენა გორაშვილის ულტიმატუმები. მითხრა, რომ თუ ამ საკითხს ეთიკის კომისია განიხილავს, შეიძლება სტუდენტის სტატუსი შემიჩერდეს. თუმცა, თუ მივალ და მოვუხდი გორაშვილს ბოდიშს, ის გამოიტანს განცხადებას. დეკანი მატყუებდა იმაში, რასაც მასწავლიან - ოქმი უკვე შედგენილი იყო, სასამართლოში იყო წარდგენილი და ასეთ დროს განცხადების გამოტანა აბსურდია", - ამბობს ბუბა ნაჭყებია.

სტუდენტის ადვოკატის თქმით, ფეისბუქის დახურულ ჯგუფში ლექტორის სიტყვიერი შეურაცხყოფა წვრილმანი ხულიგნობა ვერ იქნება, რადგან, ამ მუხლის მიხედვით, ეს უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივ ადგილებში. ქამრალ ამჯანოღლი ის თქმით, დახურული ჯგუფი საზოგადოებრივი ადგილი ვერ იქნება, ამასთან, ქმედება ვერც გადაკიდების სტანდარტს აკმაყოფილებს, რადგან შეურაცხყოფა იყო ერთჯერადი.

"ეს დაახლოებით იგივე შემთხვევაა, უღრან ტყეში, მეგობრების წრეში რომ შევიგინო, იქ მყოფი ადამიანები ამით არ შეწუხდნენ, მაგრამ ჩემზე გამოძიება დაიწყოს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით", - დასძენს ადვოკატი.

იმის შესახებ, რომ ლექტორმა სტუდენტს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბუბა ნაჭყებიამ ამაზე ფეისბუქზე დაწერა. ნაჭყებია აღნიშნავს, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

"ეს არ არის ჩემი და ლექტორის დავა - ეს დავა სტუდენტების დავაა უსამართლობის წინააღმდეგ! უზნეობის წინააღმდეგ! ამორალურობის წინააღმდეგ! დისკრიმინაციის წინააღმდეგ! სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ! ჩაგვრის წინააღმდეგ! ეს ბრძოლა სტუდენტების თავისუფლებისთვის ბრძოლაა! სახელმწიფომ 14 აგვისტოს უარი უნდა უთხრას კომუნიზმის აზროვნებას. კოლეგა წმინდათა წმინდა არაა, სტუდენტები არ ვართ პაიკები! გუშინ მე დამემუქრნენ, ჩემზე მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა - დღეს ჩემს კურსელზე! ვინ იქნება შემდეგი?! სამართლის ლექტორი, რომელიც სამართალს უნდა გვასწავლიდეს, მსგავს მესიჯებს გვიგზავნის სტუდენტებს", - წერს ბუბა ნაჭყებია და პოსტს ურთავს სქრინშოთს, სადაც, მისი ინფორმაციით, მომჩივანი ლექტორი, გიორგი გორაშვილი სტუდენტს სწერს:

"სამწუხაროდ შენ ვერც სამართალს და ვერც სამართლიანობას ვერ ისწავლი ვერასდროს".

ტაბულა დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, სადაც აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ იურიდიული ფაკულტეტის საბჭო და ეთიკის კომისია. ამასთან, თსუ-ში ამბობენ, რომ "ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს, თუ თვლის, რომ დაირღვა მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს სასამართლოს".

უნივერსიტეტის პოზიციაა, რომ ბუბა ნაჭყებიას პოსტი არის ლექტორის ღირსების შემლახავი და მას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან.

"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სტუდენტმა სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ლექტორი, რომელმაც გადაწყვიტა სამართლებრივი გზით რეაგირება და სტუდენტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება სამართლებრივი სანქციების და გადასახადების გარეშე.

თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ სტუდენტისგან მოიპოვოთ სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული პოსტი, რომელიც ცალსახად არის ლექტორის ღირსების შემლახავი და არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან", - ამბობენ უნივერსიტეტში.

ტაბულამ სცადა დაკავშირებოდა თავად ლექტორსაც, თუმცა უშედეგოდ. თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ გიორგი გორაშვილი დღის ბოლოს ფეისბუქზე გაავრცელებდა განცხადებას, თუმცა, 23:00 საათის მონაცემებით, ლექტორის გვერდზე პოსტი არ არის. მას შემდეგ, რაც პოსტი გამოქვეყნდება, მასალა განახლდება.

განახლება: გიორგი გორაშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ სტუდენტ ბუბა ნაჭყებიას "მოქმედებამ დღევანდელი მდგომარეობით შეიძინა შეურაცხმყოფელი გადაკიდების ხასიათი". მისი აზრით, "ფაქტების დამახინჯებისა და მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაციის გამო", საზოგადოების ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება. 

"ჩემს სტუდენტებს, მეგობრებს, პროფესორებსა და კოლეგებს, საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, თუ ჩვენ გვინდა ისეთი უნივერსიტეტი, სადაც ლექტორსა და სტუდენტს შორის კომუნიკაციის ენა ლანძღვა - გინება არ იქნება, შემომიერთდით, დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მობრძანდით 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში" - წერს გიორგი გორაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები