ომში დაღუპული 412 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტთან დროშის ფერების 412 ბუშტი გაუშვეს

პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ეძღვნება, ომში დაღუპული 412 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად ჰაერში საქართველოს დროშის ფერების 412 ბუშტი გაუშვეს.

​თეთრი და წითელი ბუშტების გაშვებამდე აქციის ორგანიზატორებმა წაიკითხეს მანიფესტი:

"მათთვის

ვინც ჩვენი სიცოცხლისა და მომავლის გადასარჩენად

საკუთარი გასწირა

მათთვის

ვისი სიცოცხლეცა და მომავალიც 

მუდმივი საფრთხის ქვეშაა

მათთვის

ვინც არასოდეს შეეგუა მონობას

მათთვის

ვინც ყველაზე მეტჯერ გაანადგურეს

და მაინც არასოდეს გაჩერდა!

ჩვენი ცხოვრების ბოლო წუთამდე
დავიცავთ საქართველოს სიმართლესა და ღირსებას 

 

ხოლო მათთვის

ვინც სულ ჩვენს სისხლს ღვრის

მათთვის

ვისაც ტრაგედია და მსხვერპლი აბედნიერებს

მათთვის

ვისთვისაც ძალადობა დღის წესრიგია

მათთვის

ვინც არ გვაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას

ჩვენი ცხოვრების ბოლო წუთამდე
ვიქნებით დაუძინებელი მტრები!

რადგან!

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს!

თავისუფლების ძებნაში მკვდარი!

ეს არის

იყო

და იქნება საქართველო

რუსეთი მტერია! ოკუპანტია!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ

თავისუფალ

მშვიდობიან

აყვავებულ

გაღიმებულ

დაწყნარებულ

სამართლიან

საქართველოს".

აქციის მონაწილეებმა აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილითაც მიაგეს, შემდეგ კი მათი სახელები და გვარები წაიკითხეს.

სირცხვილია 49.0-ის დასასრულს, აქციაზე "შავლეგო" გაისმა. მოქალაქეები ხვალ, 8 აგვისტოს პარლამენტთან ტრადიციულად შეიკრიბებიან და გადაცემების ციკლს გააგრძელებენ.

რუსეთ-საქართველოს ომი 11 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები