ჰონგ-კონგში ასობით ადამიანმა კოსმოსის მუზეუმის პლანეტარიუმის შენობასთან ლაზერ-შოუთი გააპროტესტა სტუდენტური კავშირის ლიდერის დაკავება. კეით ფონგი პოლიციამ იარაღის ფლობის ბრალდებით დააკავა, თუმცა მას თან მხოლოდ ლაზერები ჰქონდა.
პოლიციამ დაკავების გასამართლებლად გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ შეუძლია ლაზერს დაწვას ფურცელი. ლაზერებით აღჭურვილმა მომიტინგეებმა პოლიციის ამ განცხადებას დასცინეს, თითქოს ლაზერებით ხეების და შენობების დაწვა სურდათ და სკანდირებდნენ "ცეცხლი, ცეცხლი, ცეცხლი არ უკიდია".
მათ ასევე სცადეს ოფიციალური პეკინის პოლიტიკის მხარდამჭერი გაზეთის დაწვა და ამისათვის ათობით ლაზერი დაანათეს მას, თუმცა უშედეგოდ. აქცია საბოლოოდ ცეკვით, სიმღერებით და თოჯინების თეატრით დასრულდა.
პოლიციაში კი კვლავ აცხადებენ, რომ ლაზერები, რომლებსაც მომიტინგეები კამერებს და პოლიციელებს ანათებენ საშიში იარაღია.
უკვე ორი თვეა, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.
მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.
ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.
საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.