რუსეთთან ავიამიმოსვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება

airwaysmag.com

2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება,  საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ შემდეგი ერთი წლის მანძილზე შენარჩუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული Известия.ru საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მათმა წყარომ რუსეთის დიპლომატიურ წრეებში აცნობა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსთან შემდეგი ერთი წლის მანძილზე არ განიხილება. საჰაერო მიმოსვლის აღდგენის სავარაუდო ვადად გამოცემის წყარო 2020 წლის შემოდგომას, კერძოდ კი, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თარიღს ასახელებს.

რუსი დიპლომატის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა რუსოფობიური განწყობების ჩასახშობად და შესამცირებლად.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის სრული იგნორირება მოახდინა. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ შეწყდარიყო ანტირუსული და რუსოფობიური რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან. ამ მიმართულებით არანაირი პროგრესი არ შეინიშნება, აქედან გამომდინარე, მინიმუმ შემდეგ ერთი წლის მანძილზე ავიამიმოსვლა საქართველოსთან შეჩერებული იქნება. უფრო ზუსტად, საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან, იქ გასამართ საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება. სახელმწიფო დონეზე უნდა შეწყდეს ანტირუსული რიტორიკა, ამის გარეშე ჩვენ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრების რეკომენდაციას ვერ მივცემთ. მოცემულ ვითარებაში შეუძლებელია ჩვენ არ ვღელავდეთ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე საქართველოში".

რუსული ავიასანქციების დაწესების შემდეგ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის ივლისში ტურისტული ნაკადი რუსეთიდან 6,4%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად ივლისში საქართველოში ტურისტული ნაკადი 1%-ით გაიზარდა.

კომენტარები