კიბერშეტევა ტვ პირველზე

პრემიერი: ოპოზიციის შეფასება, რომ ტვ პირველზე კიბერშეტევა მედიაზე ზეწოლაა, სპეკულაციაა

მამუკა ბახტაძე

"კიბერდანაშაული სამწუხაროდ გახდა 21-ე საუკუნეში ერთერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება," - პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე "ტვ პირველზე" განხორციელებულ კიბერ შეტევას ეხმაურება. პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები ამ საკითხის გამოძიებაზე მუშაობენ.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. პირველ რიგში იმედი მაქვს, რომ თქვენ უმოკლეს ვადაში შეძლებთ, განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა. ზოგადად, როდესაც კიბერდანაშუალთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ პრევენციაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, როგორც სახელმწიფოს," - თქვა ბახტაძემ.

ოპონენტების ნაწილის შეფასებას, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და "ტვ პირველზე" კიბერშეტევა არის მედიაზე ზეწოლა, მამუკა ბახტაძე სპეკულაციად და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს.

„ქართული ოცნების ერთერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მცდელობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი იყოს დაცული და იმ მაღალ სტანდარტზე დარჩეს და გაუმჯობესდეს, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი," - თქვა პრემიერმა. 

გუშინ, 13 აგვისტოს გამთენიისას ტელეკომპანია პირველის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა მოხდა, რამაც სრული პარალიზება გამოიწვია. არხი მთელი დღის განმავლობაში ავარიულ რეჟიმში მუშაობდა. როგორც არხის მენეჯმენტი ამბობს კიბერთავდასხმის შედეგად წაიშალა მათი საარქივო მასალა. 

ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი ვატო წერეთელი პროკურატურამ გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა, თუმცა მისივე მოთხოვნით, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს დაიკითხა.

მისივე თქმით, პროკურორების შეკითხვები TBC ბანკის გახმაურებულ საქმეს ეხებოდა. 

ვატო წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. 

კომენტარები