ირაკლი კობიაშვილი

ცხვირის ძგიდის ოპერაციაზე მისული 40 წლის კაცი კლინიკაში დაიღუპა - მიზეზს სამინისტრო სწავლობს

40 წლის ირაკლი კობიაშვილი კლინიკაში ცხვირის ძგიდის ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა, თუმცა, დაწყებამდე, ანესთეზიაზე გამოვლენილი ალერგიული რეაქციის შემდეგ, დაგეგმილი ოპერაციიდან მე-11 დღეს გარდაიცვალა.

მისი ცოლი, ნინო გოგინაშვილი ტაბულას უყვება, რომ ირაკლის ღამით ცუდად ეძინა, სუნთქვა უჭირდა და ექიმთან კონსულტაციაზე 2018 წლის დეკემბერში მივიდა. ნინოს თქმით, სპეციალისტთან ვიზიტამდე მოიძიეს ინფორმაცია და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საუკეთესო რეპუტაციის მქონე ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკას მიმართეს, სადაც მის ქმარს დაუსვეს დიაგნოზი: ძგიდის გამრუდება, ვაზომოტორული რინიტი და უთხრეს, რომ აუცილებელია ოპერაცია.

11 მარტს ჩანიშნულ ოპერაციამდე ირაკლი კობიაშვილს რამდენიმე გამოკვლევა ჩაუტარეს, თუმცა ანესთეზიაზე სინჯი არ აუღიათ. მისი ცოლის მთავარი პრეტენზია სწორედ ამას ეხება.

"არც კი ვიცოდით, რომ სინჯს არ უკეთებდნენ. ეს მე განმიმარტეს უკვე პოსტფაქტუმ, 11 მარტს, როცა წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ხელოვნურ კომაში ჰყავდათ შეყვანილი. მითხრეს, რომ ანესთეზიაზე სინჯს არ აკეთებენ, რადგან პროტოკოლის და გაიდლაინის მიხედვით, თუკი ანამნეზი არ იძლევა ამის აუცილებლობას, არ არის რეკომენდებული. მაშინვე გამიჩნდა კითხვა, რატომ არ იძლეოდა ჩემი ქმრის ისტორია ამის აუცილებლობას, როცა ექიმების კითხვაზე, აქვს თუ არა ალერგია ანესთეზიაზე, პირდაპირ უპასუხა, რომ არ იცის, რადგან 40 წლის განმავლობაში არასდროს ჰქონია შეხება არაფერთან, სადაც ანესთეზია დასჭირდებოდა. ეს პასუხი, მინიმუმ, ეჭვის საფუძველს იძლეოდა. დაგვიმალეს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება შეეცვალა ჩვენი გადაწყვეტილება ოპერაციის საქართველოში გაკეთებასთან დაკავშირებით", - ამბობს ნინო გოგინაშვილი.

გარდა ამისა, იმავე კლინიკის წინასაოპერაციო ჩანაწერში ჩანს, რომ ირაკლი კობიაშვილს ჰქონდა მალამპატის მე-3 ხარისხი. მალამპატი არის სასის აგებულება, რომლის კლასიფიკაცია გამოიყენება ინტუბაციის სირთულის წინასწარ შესაფასებლად. მალამპატის მე-3 და მე-4 კლასი ექიმებისთვის ნიშნავს მოსალოდნელ გართულებულ ინტუბაციას, რის გამოც, შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი აღჭურვილობა და მხოლოდ მექანიკური ლარინგოსკოპი საკმარისი არ აღმოჩნდეს. ეს ხელსაწყოები ძირითადად, კამერითაა აღჭურვილი და დაკვირვების უკეთეს შესაძლებლობას იძლევა. ბუნდოვანია, ჰქონდა თუ არა ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკას შესაბამისი აღჭურვილობა.

საავადმყოფოდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, ნინო ჰყვება, რომ რეაქცია გამოიწვია ანესთეზიის მესამე კომპონენტმა, იყო ხორხის უკიდურესი შეშუპება, ალერგიული შოკი, ტაქიკარდია. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში კობიაშვილის ჩვენება იყო მალამპატის მე-3 ხარისხი, გაუტკივარების ოქმში მითითებულია, რომ მას ინტუბაცია პირდაპირი ლარინგოსკოპიით ჩაუტარდა. ამის შემდეგ პაციენტს ტრაქეოსტომია გაუკეთეს, რაც სუნთქვის აღდგენის მიზნით, სასუნთქი მილის გაკვეთას და მასში სპეციალური მილის ჩასმას გულისხმობს.

"ხორხის შეშუპების შემდეგ დაიწყო ფიბრილაცია და 20 წუთის განმავლობაში გულის მუშაობა ვერ დაარეგულირეს. შემდეგ ჟანგბადის სრულყოფილად მიწოდებისთვის კიდევ 20 წუთი დაიხარჯა. თვითონ გამოიწვიეს ხელოვნური კომა. ერთადერთი, რაზეც მათ იზრუნეს, ისაა, რომ საოპერაციო მაგიდაზე არ გარდაიცვალა ადამიანი. სასიცოცხლო ფუნქციები შეუნარჩუნეს იმისთვის, რომ რეანიმაციაში გადაემისამართებინათ", - ამბობს ნინო გოგინაშვილი.

დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც, რომ ჯერ კიდევ ოპერაციამდე კომაში ჩავარდნილი პაციენტის რეანიმაციაში გადასაყვანად კლინიკას სამი საათი დასჭირდა.

როგორც აღმოჩნდა, ხუჯაძე-გოგნიაშვილის საავადმყოფოს რეანიმაცია არ აქვს და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები იგივე შენობის პირველ სართულზე მდებარე ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციაში გადაჰყავთ. თუმცა, იმის გამო, რომ ეს ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, საჭიროა პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანოს რეანიმაციაში. ირაკლი კობიაშვილი, რომელიც საოპერაციოში შეიყვანეს 15:30 საათზე და 16:00 საათზე უკვე ხელოვნურ კომაში იყო, დოკუმენტების მიხედვით, ორი სართულის დაშორებით მდებარე რეანიმაციაში 19:05 საათზე გადაიყვანეს.

2019 წლის 21 მარტს ირაკლი კობიაშვილი ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციაში, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ცოლმა უკვე მიმართა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომელსაც ამ შემთხვევის შესწავლა დაწყებული აქვს. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ კლინიკაში 5 აგვისტოს შევიდნენ, თუმცა საქმის შესწავლისთვის განსაზღვრული ვადა არ აქვთ. ისინი ამ ეტაპზე საქმის შესახებ სხვა კომენტარს არ აკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რას იტყვის სააგენტო, მათი პასუხის შემდეგ ნინო გოგინაშვილი აპირებს მიმართოს სასამართლოსაც. მისი ადვოკატი, ხათუნა მაღლაკელიძე ამბობს, რომ მოთხოვნებს შორის იქნება სამედიცინო გაიდლაინების შეცვლაც, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში მითითებული არ არის ანესთეზიამდე სინჯის აუცილებლობის შესახებ.

"ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ერთი ექიმის პასუხისმგებლობა, რათა მას ერთი თვით, ერთი წლით ან თუნდაც საერთოდ შეუჩერდეს ლიცენზია. აქ საუბარია სისტემურ პრობლემაზე. გარდა იმისა, რომ ვითხოვთ კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობასა და შესაბამის საბჭოზე საკითხის განხილვას, ჩვენი მოთხოვნაა კლინიკური მენეჯმენტის შემოწმებაც - რამდენად სწორად აქვთ დაგეგმილი წინასაოპერაციო პერიოდი, ოპერაციები და რამდენად ასრულებენ იმ სალიცენზიო თუ სანებართვო პირობებს, რაც უწერიათ რეგულაციებში", - ამბობს ადვოკატი.

საქართველოს კანონმდებლობით, ანესთეზიაზე სინჯის გაკეთება სავალდებულო არ არის, სამინისტრო ამის შესახებ ვერც რეკომენდაციას გასცემს. სინჯის საკითხი შესაბამისი გაიდლაინებით რეგულირდება, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანი ან მოძველებულია. ძირითადად კი, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო გაიდლაინებში ანესთეზიაზე წინასწარი შემოწმება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ალერგიულობის შესახებ ინფორმაციაზე.

ტაბულამ სცადა ჩაეწერა ინტერვიუები სფეროს სპეციალისტებთან. მათ დიდ ნაწილს ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბარი ინტერესთა კონფლიქტის გამო არ სურს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებმაც ეს საქმე უკვე შეისწავლეს. კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იტყვის, რომ ანესთეზია არასდროს გაუკეთებია, ჩათვლიან თუ არა სინჯის გაკეთებას მიზანშეწონილად თვითონ, ნაწილს პასუხის გაცემა არ სურს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია პაციენტის ისტორიაზე. თუმცა, ყველა თანხმდება იმ ნაწილში, რომ ანესთეზიაზე სინჯი ალერგიისგან 100%-იან დაცვას არ ნიშნავს და შესაძლოა, ამის მიუხედავადაც გამოვლინდეს რეაქცია.

გამომდინარე იქედან, რომ ექიმებს კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ სურთ, მათ ნაწილს კითხვა არა უშუალოდ ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალებაზე, არამედ, მალამპატის მე-3 ხარისხის შესახებ საჭირო მზაობაზე დავუსვით. 

"ვინაიდან უფრო ანესთეზიოლოგიური კითხვაა, ვიდრე ოტორინოლარინგოლოგიური, დავეყრდენი არამხოლოდ ჩემს გამოცდილებას - დავურეკე ჩემს ანესთეზიოლოგსაც. მალამპატის ეს ხარისხი არის არის ერთ-ერთი კრიტერიუმი დაინტუბირებისას მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებისთვის. ეს არ არის გამოუვალი სიტუაცია, მაგრამ რთული ხარისხია, ამიტომ შესაძლოა კლასიკური დაინტუბირება ვერ მოხერხდეს და საჭირო გახდეს ბრონქოსკოპით ინტუბაცია.​ კლასიკური მეთოდით ინტუბაცია ხდება ლარინგოსკოპის საშუალებით, რომელიც მხოლოდ ხორხამდე ჩადის და სასულემდე დათვალიერებას გულისხმობს. ბრონქოსკოპი კი საშუალებას გვაძლევს ვნახოთ სხვა ნაწილები, კამერით ხდება ჩასვლა და ღრმა ნაწილების დათვალიერება, ბრონქებისა და კიდევ უფრო ვიწრო სტრუქტურების", - ამბობს ოტორინოლარინგოლოგი ნანა სარალიძე.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ცოტნე სამადაშვილი კი აღნიშნავს, რომ სასუნთქი გზების პრობლემა ანესთეზიოლოგისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევაა. ექიმი ასევე დასძენს, რომ მალამპატის მე-3 ხარისხი აუცილებლად გართულებას არ გულისხმობს, მაგრამ რადგან ამის დიდი რისკია, სასუნთქი გზების წინასწარი შეფასება ექიმს ეხმარება მზად იყოს რთული შემთხვევისთვის.

"როცა არის მალამპატი არის 3, ეს ნიშნავს, რომ მოსალოდნელია რთული სასუნთქი გზები, ანუ მოსალოდნელია ჰიპოქსია და საბოლოდ, სიკვდილი. შესაბამისად, კლინიკა აღჭურვილი უნდა იყოს რთული სასუნთქი გზებისთვის საჭირო ყველა საშუალებით, ეს არის ალტერნატიული სუნთქვისთვის საჭირო აპარატურა და ინვენტარი. საჭიროა, მინიმუმ ლარინგიალური ნიღაბი, ბრონქოსკოპი, ვიდეო ლარინგოსკოპი, გადაუდებლად ტრაქეოსტომიის შესაძლებლობა... ჩამონათვალი ძალიან დიდია. შეიძლება მე თანმიმდევრობა დავარღვიე, მაგრამ რთული სასუნთქი გზები ანესთეზიოლოგისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულ, სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას, რომელზეც მუშაობენ პაციენტის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი მთელი ჯგუფები. ეს არ არის ახალი, ეს არის ყველასთვის ცნობილი და ამისთვის მზად არის ყველა", - ამბობს ექიმი.

ტაბულამ ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკასთან დაკავშირებაც სცადა. თავდაპირველად, მივედით სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გვითხრეს, რომ მიხეილ ხუჯაძე მივლინებაშია და დაგვაკავშირეს ქალთან, რომელიც წარადგინეს, როგორც კლინიკის დირექტორი. რესპონდენტმა გვითხრა, რომ "ამ საქმესთან დაკავშირებით ინტერვიუს არ იძლევიან".

"სასამართლოშია საქმე შეტანილი და შემდეგ გაირკვევა ყველაფერი, კარგად ბრძანდებოდეთ", - აღნიშნა მან.

მოგვიანებით, ტაბულამ სცადა მიხეილ ხუჯაძეს მობილურის საშუალებით დაკავშირებოდა. ოფიციალური დოკუმენტებით, კლინიკის დირექტორი სწორედ ისაა და ირაკლი კობიაშვილიც მისი პაციენტი იყო. სატელეფონო ზარზე ექიმის თანაშემწემ გვიპასუხა, რომელმაც მოგვიანებით კითხვების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა შემოგვთავაზა. 

ტაბულას კლინიკისგან აინტერესებდა რატომ არ გაუკეთეს სინჯი ანესთეზიაზე ირაკლი კობიაშვილს, კონკრეტულად რა გახდა ალერგიული შოკის მიზეზი, ჰქონდათ თუ არა მალამპატის მე-3 ხარისხისთვის საჭირო ინტუბირების საშუალებები და რა ფორმით მოხდა პაციენტის ინტუბირება.

ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკიდან მიღებული პასუხის მიხედვით კი, რეგულირების სააგენტოს მოკვლევის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე, დაწესებულების ადმინისტრაციას კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში კლინიკის ანესთეზიოლოგი ამბობს, რომ დაწესებულებას შესაბამისი აპარატურა ჰქონდა, თუმცა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ გამოიყენეს ის, პასუხობს - "იმიტომ, რომ დაინტუბირდა პაციენტი". რაც შეეხება სინჯს ანესთეზიაზე, დავით კაპანაძის თქმით, როცა პაციენტს ალერგიული ჩვენება არ აქვს, სინჯის გაკეთების რეკომენდაციას ალერგოლოგთა ასოციაციაციები არ იძლევიან.

ჰქონდა თუ არა გადაცდომა კლინიკას, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს. ირაკლი კობიაშვილის ცოლი სწორედ მათ გადაწყვეტილებას ელოდება და აპირებს, დაწესებულების წინააღმდეგ სასამართლოსაც მიმართოს.

"ჩემი მიზანი არც შურისძიებაა და არც ვინმეს არასწორი დადანაშაულება. მინდა ამიხსნან, როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც თავისი ფეხით მივიდა კლინიკაში, მე-11 დღეს მკვდარი გამომატანეს და მერე უზრუნველყონ, რომ სხვების შემთხვევაში იგივე აღარ განმეორდეს", - ამბობს ნინო გოგინაშვილი.

კომენტარები