ტვ იმედის ფილმი

ვემიჯნებით მთავარ ხაზს - TV იმედის ჟურნალისტების ნაწილი ომზე გადაღებულ ფილმს აპროტესტებს

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების ნაწილი ამავე არხის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმს აპროტესტებს.

ჟურნალისტები Facebook-ის გვერდზე ერთნაირ ტექსტს აქვეყნებენ და წერენ, რომ ემიჯნებიან ფილმის "ერთ-ერთ მთავარ ხაზს". 

"არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!"- წერენ ჟურნალისტები: ნანა ლეჟავა, ნანუკა ქაჯაია, ნატალია მახვილაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, ლევან კვატაშიძე, ნათია სონღულაშვილი და სხვები. 

ფილმი, სახელწოდებით "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტვ იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. 

ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირად წერს:

"უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს...

ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას".

ტვ იმედის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ უავტორო ფილმზე, რომელიც ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდას, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა, აიღო. ლალიაშვილი ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები