საქართველოს ეკონომიკა

2018 წელთან შედარებით 2019 წლის პირველ ნახევარში თბილისში მხოლოდ 25 ბინით მეტი გაიყიდა

0 კომენტარი

ანალიტიკურმა ცენტრმა, TBC CAPITAL-მა, თბილისის სამშენებლო სექტორის 2019 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში თბილისში სულ 16,296 ბინა გაიყიდა, რაც 25 ბინით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ( +0,1%)

კვლევის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში თბილისში სულ 16,296 ბინა გაიყიდა, ზრდამ 0,1 პროცენტი შეადგინა. ეს ბოლო წლების მინიმუმია, წინა წლებში გაყიდვები მინუმუმ ორნიშნა რიცხვით იზრდებოდა.

  • 2017 წლის, პირველი ნახევარი — 11,718 ბინა, ზრდა — 22%;
  • 2018 წლის, პირველი ნახევარი — 16,271 ბინა, ზრდა — 38%;
  • 2019 წლის, პირველი ნახევარი — 16,296 ბინა, ზრდა — 0,1%.

შემცირება კიდევ უფრო შთამბეჭდავია, 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, გაყიდვების კლება 16%-ს აღემატება. გაყიდვების კლების მიზეზი, სავარაუდოდ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები, უცხოელების მხრიდან მოთხოვნის კლება და უარყოფითი მოლოდინებია.

კვლევის მიხედვით, 5%-ით არის გაზრდილი ახალი ბინების გაყიდვები, ხოლო ძველი ბინების გაყიდვები 7%-ით არის შემცირებული. წლის დასაწყისთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში ფასების საერთო დონე 2,6%-ით გაიზარდა და 1,5%-ით არის შემცირებული დოლარში.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა, 70 ნებართვიდან 91 ნებართვამდე. გაყიდვების მხრივ ლიდერები საბურთალოს, დიდი დიღმის და გლდანის დასახლებებია. 

ახალ ბინებში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 730 დოლარია, ხოლო ძველ ბინებში 655 დოლარი.

ცნობისთვის, საბანკო და სამშენებლო რეგულაციების შემდეგ, მშენებლობის სექტორის ზრდა მკვეთრად შემცირდა. 2019 წლის პირველ კვარტალში 1%-ით შემცირდა გაყიდული ბინებისა და სახლების რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, შემცირდა სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც, 2019 წლის პირველ კვარტალში სექტორში 4 ათასით ნაკლებ ადამიანს ასაქმებდა, ვიდრე ერთი წლით ადრე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები