რუსული ოკუპაცია

აპატურაი გუგუტიანთკარზე: ეს უკანონოა, ნატო აგრძელებს მოწოდებას, რომ ეს მოქმედებები დასრულდეს

NATO

სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ფეისბუკზე გამოეხმაურა.

"საქართველოს რეგიონში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ გუგუტიანთკარში აგრძელებს მავთულხლართების გადაადგილებას. ამის შედეგად ხალხი თავის მიწას, ოჯახსა და მეგობრებს შორდება. ეს არის უკანონო. ნატო აგრძელებს მოწოდებას, რომ ეს მოქმედებები დასრულდეს. ნატო საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ცნობს",- წერს ჯეიმს აპატურაი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღეს, 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებს ასევე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დაკავებულების ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ისინი დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ, კვლავ შეუძლებელია დაკავებულებთან სატელეფონო კომუნიკაცია. 

კომენტარები