ჯაფარიძე: სააპელაციომ 300 ლარით დამაჯარიმა, რის გამოც, ჩემს ანგარიშებს ინკასო დაადეს

https://www.facebook.com/japaridzez/

გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მას 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და იმედის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ჯაფარიძე ფეისბუქზე წერს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ მის წინააღმდეგ ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების სარჩელი დააკმაყოფილა. გირჩის ლიდერის თქმით, ჯარიმის გამო, მის ანგარიშებს ინკასო დაადეს. ზურაბ ჯაფარიძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

"ასეთი ორგანიზაცია არსებობს - ახალგაზრდა ადვოკატები ჰქვია. 2015 წელს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინეს უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე

ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი თინათინ ნაბლოშვილი ქართული ოცნების აქტივისტი იყო, შემდეგ კი თბილისის საკრებულოში გავიდა ქართული ოცნების პარტიული სიით, სადაც მესამე ნომერი იყო

2015 წელს, გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ (რომელიც შემდგომში გახდა კიდეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოცნებისა და ივანიშვილის მხარდაჭერით), მე იმედის ეთერში ვთქვი, რომ ეს ორგანიზაცია არის ოცნების სატელიტი (ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს). ახალგაზრდა ადვოკატები წავიდნენ სასამართლოში და მიჩივლეს. 

პირველ ინსტანციაში მოვიგე. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ როგორღაც გამომრჩა, რომ მეორე ინსტანციაში გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, მეორე ინსტანციაში სხდომაზე არ ვყოფილვარ არც მე, არც ჩემი წარმომადგენელი.

და ახლა, 2019 წელს, უკვე დაბერებული ადვოკატების სარჩელი დაუკმაყოფილებია მეორე ინსტანციის სასამართლოს. მომესაჯა იმედის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა + 300 ლარიანი ჯარიმა.

ჯარიმის გამო, ინკასო დაადეს ჩემს ანგარიშებს, ჰოდა:

1. ჯარიმას ჩემი ნებით არ გადავიხდი.

2. ინფორმაციის უარყოფას არ ვაპირებ. მეტიც, ისევ ისე ვარ დარწმუნებული, რომ ეს ორგანიზაციაა ოცნების შნირია.

პ.ს. 4 წელი რომ ასეთ სირობას განიხილავდნენ, ეს სასამართლოს დიაგნოზიცაა" - წერს ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ იმავე თემაზე, იგივე ორგანიზაციამ იდენტური დავა წააგო ტაბულას დირექტორ თამარ ჩერგოლეიშვილთან.

"ანუ, ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე ორგანიზაციის ორ იდენტურ სარჩელზე, ქართულმა სასამართლომ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა" - წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ადვოკატებმა" ტაბულას დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს სასამართლოში 2014 წელს უჩივლეს - ის ორგანიზაციის მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულეს და მათ შესახებ გაკეთებული განცხადების უარყოფა მოსთხოვეს - ტაბულას რედაქტორმა Facebook-ზე ორგანიზაციის დამფუძნებლის, თინათინ ნაბლოშვილის ქართული ოცნების ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, “ახალგაზრდა ადვოკატები” ქართული ოცნების აქტივისტებად მოიხსენია და თქვა, რომ ისინი მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებენ. ნაბლოშვილმა საქმე ორივე ინსტანციის სასამართლოში წააგო, ვინაიდან სასამართლომ ჩერგოლეიშვილის Facebook პოსტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოთქმულ პოზიციად მიიჩნია.

ამის შემდეგ, ახალგაზრდა ადვოკატებმა საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანეს, თუმცა, უმაღლესმა ინსტანციამ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო და განუხილველად დატოვა. 

თინათინ ნაბლოშვილი ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მე-3 ნომერი იყო. მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" აქტიურად ებრძოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს იმ პერიოდში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების სხვა შტოების თავდასხმის ობიექტიც იყო.

კომენტარები