მამუკა ბახტაძე გვიან ღამით ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულებს შეხვდა. ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურმა 21 აგვისტოს, დილის 1:30-ზე გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც გორის სოფელ გუგუტიანთკარიდან 8 ადგილობრივი გაიტაცეს, ხოლო ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ადგილზე პირველად ჩავიდნენ. ჟურნალისტებს შეხვედრა არ გადაუღიათ, ვინაიდან მედია ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
"ახლა ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ახალგარზდები, მშვიდობით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ჩვენ ვიმყოფებით ახალუბანში. ეს სამი დღე ძალიან იყო ძალიან მძიმე იყო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები ოჯახში მშვიდობით, ჯანმრთელად დაბრუნდნენ", - თქვა ბახტაძემ.
გუგუტიანთკარის 8 მცხოვრები ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ, 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.
გორის სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს.
მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.
გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.
ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.
20/21 აგვისტოს ღამეს მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ხაზთან პირველად ჩავიდნენ.
პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა, 19 აგვისტოს კი გურიაში მუსიკალურ ფესტივალს დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. 19 აგვისტოს თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, გაგვაფრთხილებს".