არჩევნები 2020

უგულავა: მე მიღირს, ივანიშვილის მონოპოლია პრორუსულ პარტიებთან ერთად დავამარცხო

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროდასავლურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შესაცვლელად პრორუსული პარტიების მხარდაჭერა დასჭირდა, ამაზე უარი არ უნდა თქვას. 

ტვ პირველის ეთერში უგულავამ თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა კრიზისი არ შეიქმნას. 

მისი თქმით, ყველა პარტიის მთავარი ამოცანა სწორედ ივანიშვილის ერთპიროვნული ძალაუფლების დასრულება უნდა იყოს და ამისთვის ყველა შანსი უნდა იქნას გამოყენებული, ვინაიდან ამაზეა დაფუძნებული ქვეყნის მომავალი და კეთილდღეობა

"პირველი და განუხრელი ამოცანა არის ივანიშვილის მონოპოლიის, საზიზღარი ძალაუფლების, არაფორმალური მმართველობის მონოპოლიის დამსხვრევა, წერტილი. 

და ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ძალაუფლების მონოპოლია დაიმსხვრეს. ძალაუფლების მონოპოლია, რომელიც თქვენი ჰაკერია, რომელიც რეზინის ტყვიებს თვალში ესვრის ადამიანებს, რომელმაც ეკონომიკა გააჩანაგა, რომელმაც ეროვნული ღირსება შელახა, რომელმაც გაუგებარი პოლიტიკით მეორე უკიდურესობაში მიგვიყვანა რუსეთთან, აი ეს მონოპოლია უნდა დაინგრეს. 

თუ აუცილებელია, ივანიშვილის მონოპოლიის დამსხვრევა თუ მოითხოვს ნებისმიერ პარტიასთან თანამშრომლობას, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. სასურველი არ არის და მინდა, რომ გამოვრიცხო პრორუსული პარტიები ამ საქმეში, მაგრამ მოლდავეთში სამი თვის წინ პროევროპული მთავრობა მივიღეთ მათ შორის პრორუსული პარტიის მხარდაჭერით, იმისთვის, რომ პლახოტნიუკი ოლიგარქიული მთავრობა დამსხვრეულიყო. 

რანგირებზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, პირველი რიგის ამოცანა არის, პრო-ევროპულ პარტიებთან ევროპულმა საქართველომ და მისმა პარტნიორებმა შექმნან მთავრობა და ამით ჩამოვაშოროთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ხელისუფლებას. საჭირო იქნება ამისთვის ნაციონალური მოძრაობა? იქნება ნაციონალური მოძრაობა. 

საჭირო იქნება ამოცანისთვის ხაზარაძე? - იქნება ხაზარაძე. უსუფაშვილი? - უსუფაშვილი. გირჩი? - გირჩი. 

თუ ყველა პროდასავლური ოპოზიცია არის 48% და ირმა ინაშვილი იძახის, რომ მე მიღირს, რომ ივანიშვილის მონოპოლია დაიქცეს და მას აქვს 5%, მე, გიგი უგულავა, თუ ვხედავ, რომ 48% მოვგროვდით ჩვენ, ყველა პროდასავლური ოპოზიცია და 5% გვჭირდება იმისთვის, რომ მყარად გადავცდეთ 50%-ს და ამით დასრულდეს ეს ვახკანალია, რაც ახლა ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უბედურება პროკურატურაში, მე თანახმა ვიქნებოდი და იმ 48% წარმომადგენელ პარტიებთან მე ჩემს პოზიციას დავიცავდი", - თქვა უგულავამ. 

დიანა ტრაპაიძემ გიგი უგულავას ჰკითხა: 

"თუ 48% ბიძინა ივანიშვილის პარტიას ექნება და ირმა ინაშვილი მას შეუერთდება იმ მიზნით, რომ "მისა არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, იმას რატომ არ ექნება ამისი უფლება, ის რატომ იქნება რუსული პარტია ამის გამო?"

უგულავამ კითხვის პასუხად თქვა: "ნუ გავიმეორებთ ოცნების და ივანიშვილის პროპაგანდას, რომ ივანიშვილის მარცხი ნიშნავს სააკაშვილის ავტომატურ დაბრუნებას ხელისუფლებაში. 

პროდასავლურმა ოპოზიციამ თუ მოახერხა და 48% მოაგროვა და 5% სჭირდება და ის მაინცდამაინც პრორუსულია, თუ მიიღო გადაწყვეტილება და ეს 5% შემოუერთდა და ამით ჩვენ ივანიშვილი გავაძევეთ ხელისუფლებიდან, ეს პროდასავლური ოპოზიცია მაინც პროდასავლური დარჩება, აი ეგ არის განსხვავება". 

კომენტარები