ანაკლიის პორტი

ბრაიზა: ანაკლიის პორტს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია

United States Mission Geneva

ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან" (IWPR) საქართველოში ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. ბრაიზამ თქვა, რომ პორტს სამხედრო წვრთნებისთვის NATO-ც გამოიყენებს.

„ვფიქრობ, ეს დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს NATO-ს პერსპექტივაზე. პორტს გამოიყენებენ ავღანეთში NATO-სა და აშშ-ს აღჭურვილობისა და მასალის გადასატანად. NATO გამოიყენებს პორტს ასევე საქართველოში სამხედრო წვრთნებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პორტი საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას აღმოუჩენს იმ შემთხვევაში, თუ, ღმერთმა ნუ ქნას და ქვეყანაში სერიოზული დაძაბულობა მოხდება. როგორც 2008 წელს ვნახეთ, საქართველო მე-5 მუხლის გარანტიით არ სარგებლობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ განახორციელებს სამხედრო მოქმედებას საქართველოში, NATO მას ადგილზე ჯარის გამოგზავნით უპასუხებს.

თუმცა, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობდა საქართველოში მასალების შემოტანისა და რუსეთისთვის დაშინების სიგნალის გაგზავნის საჭიროება. ფოთის პორტზე დაყრდნობა ლოჯისტიკური თვალსაზრისით გამოწვევას წარმოადგენდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი სანაპირო დაცვის ნავები ჩაძირა. თუმცა, ისეთი დიდი პორტის საშუალებით, როგორიც ანაკლიაა, NATO-ს ლოჯისტიკური საშუალებები გაცილებით ფართოვდება. 

ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ მიყვანას, ევროკავშირისკენაც. უმნიშვნელოვანესად კი, გაზრდის ვაჭრობის მოცულობას შავი ზღვის სანაპიროზე, ან თურქეთის სრუტეების გავლით დანარჩენ მსოფლიოში. ეს შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ გავლენას და მის კონტროლს საქართველოზე, რაც, ჩემი აზრით, რუსეთის ყველაზე დიდი შიშია. ანაკლიაში რეგულარულად აშშ-სა ან NATO-ს ყოფნას, რა თქმა უნდა, რუსეთი მკაცრად შეეწინააღმდეგება. მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული გამოწვევა უფრო ის იქნება, თუ როგორ გაიზრდება ანაკლიის პორტის წყალობით საქართველოს ეკონომიკური კავშირები ევროკავშირთან",- თქვა მან.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 15 აგვისტოს ტაბულას დაუდასტურა, რომ პროექტიდან ამერიკული კომპანია კონტი ჯგუფი გავიდა. TBC ჰოლდინგთან ერთად, კონტი კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს კონტი ჯგუფს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო.

ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორები მთავრობისგან რვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის ყველაზე სადაო ტვირთების ღირებულების დაზღვევაა მთავრობის მხრიდან.

კონტის პროექტიდან გასვლა TBC-ის გარშემო მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებსაც უკავშირდება - მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს, ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭო ორივემ დატოვა.

კომენტარები