ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის გაჩენაში NGO-ები დაადანაშაულა

ჟაირ ბოლსონარო
Reuters

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ თქვა, რომ შესაძლოა ამაზონის ჯუნგლებში ცეცხლს არასამთავრობო ორგანიზაციები აჩენდნენ, რომლებსაც მან მთავრობაში მოსვლის შემდეგ დაფინანსება შეუმცირა. მისი თქმით ამგვარად NGO-ებს მისი მთავრობისათვის ძირის გამოთხრა სურთ.

"ყველაფერი ამისაკენ მიუთითებს...დანაშაული სახეზეა. ამ ხალხს ფული მოაკლდა." თქვა მან, თუმცა კითხვაზე, აქვს თუ არა ამის მტკიცებულება ბოლსონარომ თქვა, რომ "დაწერილი გეგმა" არ არსებობს და "ეს ასე არ ხდება".

ბრაზილიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს. ბოლსონარომ გააკრიტიკა პარიზის კლიმატის შეთანხმებაც და თქვა, რომ შეთანხმება რომ კარგი ყოფილიყო აშშ მას არ დატოვებდა. მიუხედავად ამისა ბოლსონარო ამბობს, რომ ამ დროისათვის ბრაზილია შეთანხმებაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოს და NASA-ს მიერ გადაღებული სატელიტური სურათების მიხედვით მხოლოდ უკანასკნელი კვირის მანძილზე ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. სურათებში ჩანს, რომ რორაიმას შტატს სქელი კვამლი ფარავს, ხოლო მეზობლად ამაზონის შტატში ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ძლიერი ქარის გამო კვამლმა ქალაქ სან-პაულუმდე მიაღწია. ხანძრის კერა ქალაქიდან 2,700 კილომეტრის დაშორებითაა.

ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოში ამბობენ, რომ მათმა სატელიტებმა აჩვენა, რომ ამაზონის ჯუნგლებში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მიმდინარე წელს ტყის ხანძრების რაოდენობა 83%-ითაა გაზრდილი. სააგენტომ 2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე ტყის 72,000 ხანძარი დააფიქსირა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ დეფორესტაციის მონაცემებზე უთანხოების გამო კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს დირექტორი დაითხოვა. ბოლსონარომ ის მთავრობისათვის ძირის გამოთხრის მიზნით დეფორესტაციის მაჩვენებლის გაზრდაში დაადანაშაულა. სააგენტოს მაჩვენებლებით დეფორესტაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ამავე თვესთან შედარებით 88%-ით იყო გაზრდილი.

ბრაზილიაში მშრალ სეზონზე ტყის ხანძრები ხშირია. ზოგიერთ შემთხვევაში ხანძარს განზრახ აჩენენ, რათა შემდგომ ეს ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის გამოიყენონ.

პრეზიდენტმა ბოლსონარომ თქვა, რომ ახლა ის სეზონია, როდესაც ფერმერები მიწის მოსაწმენდად მას ცეცხლს უკიდებენ, ამიტომ მონაცემები საგანგაშო არაა, თუმცა კოსმოსის კვლევის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ხანძრების რიცხვი სეზონისათვის ჩვეულ მაჩვენებელს აღემატება. ბოლსონაროს კრიტიკოსები ტყის ხანძრების რიცხვის ზრდას ბოლსონაროს პოლიტიკას უკავშირებენ, რომლის შედეგადაც, მათი თქმით ამაზონის ჯუნგლების უფრო სწრაფი ტემპით იჩეხება. მსგავსი პოზიცია აქვს ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ამაზონის პროგრამის დირექტორ რიკარდო მელოს. ის ხანძრებს დეფორესტაციას უკავშირებს.

"ჯერ კაპიტან ხერხს მეძახდნენ, ახლა ნერონი გავხდი, რომელმაც ამაზონს ცეცხლი წაუკიდა." ასე გამოეხმაურა ბოლსონარო ბრალდებებს.

NASA-ს მონაცემებით კი საერთო ჯამში მიმდინარე წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე დაფიქსირებულ საშუალოზე დაბალია, თუმცა რონდონიას და ამაზონის შტატებში საშუალოს აღემატება.

კომენტარები