მცოცავი ოკუპაცია

კურტ ვოლკერი: რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაცია მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს

0 კომენტარი

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე განგრძობადი მცოცავი ოკუპაცია უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს. 

ამის შესახებ ვოლკერი საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაუბრა. ვოლკერის თქმით, რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც შეიქმნა ჟენევის მოლაპარაკებები. 

"პირველ რიგში, ეს საშინელი ტრაგედიაა იმ ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობს. ეს არის ის, რაც ჩემი აზრით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხალხი საკუთარ სოფლებში, საკუთარ სახლებში, სადაც ოჯახური საფლავები აქვთ, ვერ უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. რუსეთის მიერ სასაზღვრო ბოძებისა და ღობეების აღმართვამ მოწყვიტა ისინი საკუთარ სახლებს, საკუთარ ოჯახურ საფლავებს. ადამიანები, უბრალოდ, უვლიან საკუთარ ფერმებს და ეს არის საშინელება, ძალიან ცუდი. მეორე - ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სულისკვეთების აბსოლუტურად საწინააღმდეგოა და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებასაც, რისთვისაც ჟენევის მოლაპარაკებები შეიქმნა. ეს საშინელი ტრაგედიაა,"- ამბობს ვოლკერი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას. 

კურტ ვოლკერმა ასევე მცოცავი ოკუპაციის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

"კიდევ ერთი, ვფიქრობ, ტრაგედიაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა დაივიწყა ამის შესახებ და ეს საკითხი აღარ არის მთავარი თემების ჰედლაინებში. ვფიქრობ, ხალხი უფრო მეტ ყურადღებას ირანის, ბირთვული შეთანხმების, ჩინეთის საკითხებსა და უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებს უთმობს, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ეს განგრძობადი ბორდერიზაცია, განგრძობადი ანექსია უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს და ამაზე ვისაუბრეთ მე და პრეზიდენტმა," - ამბობს კურტ ვოლკერი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ვილნიუსში შეხვდა. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები