ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში

ფოტოები, რომლებიც ამაზონის ჯუნგლების ხანძრის ამსახველად გავრცელდა, მაგრამ ასე არ არის

carbonbrief.org/

ამაზონის ჯუგლები იწვის - ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოს და NASA-ს მიერ გადაღებული სატელიტური სურათების მიხედვით მხოლოდ უკანასკნელი კვირის მანძილზე ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა.

ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოში ამბობენ, რომ მათმა სატელიტებმა აჩვენა, რომ ამაზონის ჯუნგლებში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მიმდინარე წელს ტყის ხანძრების რაოდენობა 83%-ითაა გაზრდილი. NASA-ს მონაცემებით კი საერთო ჯამში მიმდინარე წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე დაფიქსირებულ საშუალოზე დაბალია, თუმცა რონდონიას და ამაზონის შტატებში საშუალოს აღემატება.

სოციალურ მედიებში ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი სურათი ვრცელდება და შემდეგ ვირუსული ხდება. თუმცა, ვირუსული სურათებიდან რამდენიმე ან უფრო ძველ ხანძარს ასახავს, ან საერთოდ არ არის ამაზონის ჯუნგლებში გადაღებული.

ერთ-ერთ ფოტოში, რომელიც ძალიან ბევრჯერ გაზიარდა სოციალურ ქსელებში, კვამლისა და ცეცხლის დიდი რაოდენობა ჩანს. ეს ფოტო პირველად მსახიობმა ჯეიდენ სმიტმა ინსტაგრამზე გააზიარა, შემდეგ კი ლოგან პოლმა ტვიტერზე.

სინამდვილეში ეს სურათი ასახავს ხანძარს ამაზონის ჯუნგლებში, თუმცა 20 წლის წინანდელია - Gurdian-ის ინფორმაციით ეს სურათი 1989 წლის ივნისში არის გადაღებული.

გარდა მომხმარებლებისა, ეს სურათი გააზიარეს გასართობმა გვერდებმა 9GAG-მა და UNILAD-მა.

არასწორად გაავრცელა სურათი ლეონარდო დიკაპრიომაც, რომელსაც ინსტაგრამზე სამი მილიონი მოწონება აქვს. მსახიობის მიერ გავრცელებულ სურათზე 2018 წელს ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილი ხანძარი არის ასახული.

ასევე ყალბია ვირუსული ფოტოებიც, რომელზეც მაიმუნი და დამწვარი კურდღელი ჩანს. მაიმუნი, რომელსაც ხელში სხვა მაიმუნი უჭირავს 2016 წელს ინდოეთში არის გადაღებული, ხოლო დამწვარი კურდღელი 2018 წელს კალიფორნიაში.

ამ ვირუსული ოთხი ფოტოდან კი, არც ერთი არ ასახავს მიმდინარე ხანძარს ამაზონის ჯუნგლებში - პირველ ფოტოზე 1989 წლის ამაზონის ჯუნგლების ხანძარია, მეორეზე 2018 წელს შვეთედში მომხდარი ხანძარი, მესამეში 2018 წლის ამაზონის ჯუნგლების ხანძარი და მეოთხეზე 2000 წლის 6 აგვისტოს მონტანაში მომხდარი ხანძარი.

კომენტარები