აკაკი ხოშტარიას სახლი

მეუფე პეტრე: უსახური თავის ქანდაკება წმ. გიორგის ბარელიეფით ჩემი გადაწყვეტილებით შეიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება/ლაივპრესი

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას თქმით, აბაშის სოფელ სუჯუნში აკაკი ხოშტარიას 1915 წელს აშენებული სახლის ფასადზე დევის ბარელიეფეი წმინდა გიორგის გამოსახულებით მისი გადაწყვეტილებით შეიცვალა. 

მიტროპოლიტი ამბობს, რომ "უარესი შეიცვალა უკეთესით მართლმადიდებლობასთან, ქრისტიანულ სარწმუნოებასთან კავშირში". 

"ყველა სამუშაო, რაც იქ აქამდე ჩატარდა, იყო მაღალპროფესიონალი რესტავრეტორების და არქიტექტორების მიერ გაკეთებული. ერთადერთი, უსახური თავის ქანდაკება შეიცვალა პირადად ჩემი გადაწყვეტილებით, წმინდა გიორგის ბარელიეფით. ვინაიდან წმინდა გიორგი სუჯუნის ტაძრის მიმდებარეა და გამარჯვების სიმბოლოა.

დავსვამდი შეკითხვას, თუ წლების შემდეგ საბჭოთა სიმბოლოები უნდა დავტოვოთ ან უხსენებელი ლენინის გამოსახულებები? ხომ უნდა შევცვალოთ. მეც პირადად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ბარელიეფი შეცვლილიყო. ანუ უარესი შეცვლილიყო უკეთესით მართლმადიდებლობასთან, ქრისტიანულ სარწმუნოებასთან კავშირში",- თქვა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ 

აბაშის სოფელ სუჯუნაში სახლი ცნობილმა ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ 1915 წელს ევროპელი არქიტექტორების დახმარებით ააშენა. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაა და გავრცელებული ინფორმაციით, აქ მონაზვნები ცხოვრობენ. ასევე, გავრცელდა ცნობა, რომ სასახლის რესტავრაცია იმისთვის ხდება, რომ მომავალში აქ მეუფე პეტრეს რეზიდენცია მოეწყოს, თუმცა, საპატრიარქო ამას არ ადასტურებს. 

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას თქმით, აკაკი ხოშტარიას სახლში "სულიერების და კულტურის ცენტრი" გაიხსნება, ასევე, შექმნება ქართულ-ირანული ურთიერთობის კუთხე. 

ფოტო: ლაივპრესი
რესტავრაციის შედეგად, რომელიც, როგორც მეუფე პეტრემ და სხვა სასულიერო პირებმა სხვადასხვა მედიასთან დაადასტურეს, მათი მითითებით კეთდება, სახლის ფასადიდან დევის გროტესკული ბარელიეფი გაანადგურეს და ის წმინდა გიორგის გამოსახულებით შეცვალეს. 

კიდევ ერთმა სასულიერო პირმა, დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ ლაივპრესთან თქვა, რომ შენობის ფასადზე სატანის გამოსახულება იყო და მისი "გარემონტების სურვილი არავის ჰქონდა". 

"სადაც ახლა წმინდა გიორგია, იქ იყო ეშმაკის თავი. რქა ჰქონდა, წვერი, იცინოდა ეშმაკი. ეშმაკის ბარელიეფი ისევ ეშმაკის ბარელიეფით ჩაგვენაცვლებინა? გავარემონტოთ ეშმაკის ბარელიეფი? რატომ გაკეთდა ეს, ვინ გააკეთა მაშინ ეს, არავინ იცის. 

თაბაშირისგან თუ რბილი ქვისგან გამოსახული ტიპიური ეშმაკის გამოსახულება. ეს იყო თხაწვერა, მოცინარი რქიანი კაცი, რომელიც ტაძარს უყურებდა. არ სიამოვნებდა სოფლის მოსახლეობას, ადგილობრივ მრევლს, ძალიან უსიამოვნო იყო, როცა სატანა შესცქეროდა ეკლესიას. შენობის ზედა ნაწილი რეაბილიტაციამდე, გარემონტებამდე მთლიანად ცვიოდა. ეს ბარელიეფიც ნახევრად ჩამოცვენილი იყო, თუმცა უწმინდურის ხატება მაინც ისახებოდა. როცა დაიწყო სარემონტო სამუშაოები, ერთი ჩაქუჩის მიკარებისთანავე თვითონ ჩამოცვივდა და ანალოგიურის გაკეთების სურვილი არავის გასჩენია. გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან აქ არის სუჯუნის წმინდა გიორგის ისტორიული, უძველესი ეკლესია მთელ სამეგრელოში, გაკეთებულიყო წმინდა გიორგის გამოსახულება ეშმაკის ნაცვლად", - თქვა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარვამ ლაივპრესთან

ხელოვნებათმცოდნე ნესტან თათარაშვილი ამბობს: 

"ეშმაკი რომ ეგონათ, ეს გროტესკული ნიღბებია. ეს მასკარონიანი შენობაა. ამ ლოგიკით მთელი სოლოლაკი ყოფილა დასანგრევი თბილისში. თუ არ მოსწონდათ, შეეძლოთ დაეტოვებინათ, კი არ უნდა დაემახინჯებინათ შენობა. ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა მოდერნის მარშრუტი საქართველოში. ეს არის ერთგვარი რუკა, რომელზეც დატანილია სუჯუნაც. წარმოგიდგენიათ, ტურისტი რომ ჩავა მოდერნის სანახავად აბაშაში და იქ მასკარონიანი შენობის ნაცვლად, წმინდანების გამოსახულებებს ნახავს?".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები