ელექტრონული სიგარეტი

მსოფლიოში შესაძლოა ელექტრონული სიგარეტით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Time.com

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცეტნრის [CDC] თქმით, ილინოისში სასუნთქი სისტემის დაავადების შედეგად პაციენტის გარდაცვალება ელექტრონული სიგარეტის მოწევასთან არის დაკავშირებული.

მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა ელექტრონულ სიგარეტს უკავშირდებოდეს.

"ჩვენ ვწუხვართ რომ გავიგეთ პირველი გარდაცვალების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ფილტვის იმ დაავადების უეცარ გაჩენასთან, რომელიც ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობების მომხმარებლებში გვხვდება", - თქვა CDC-ის დირექტორმა რობერტ რედფილდმა.

გარდაცვალების შემთხვევა ამერიკის შტატ ილინოისში მოხდა. ექიმის თქმით, გარდაცვლილი საავადმყოფოში მიიყვანეს გაურკვეველი დაავადების სიმპტომების გამო, რომელიც მას ელექტრონული სიგარეტის მოწევის დაწყების შემდეგ დაეწყო.

გარდა ამისა, CDC-ის ინფორმაციით, ამერიკის 22 შტატიდან 193 დაავადების შემთხვევა ფიქსირდება, რომლებიც შესაძლოა ასევე ელექტრონული სიგარეტების მოხმარებასთან იყოს დაკავშირებული. 193-ივე დაავადება მიმდინარე წლის 28 ივნისიდან 20 აგვისტომდე არის დაფიქსირებული.

ჯერჯერობით, ზუსტად არ არის დადგენილი რა დაავადებასთან აქვთ საქმე ექიმებს, თუმცა ყველა შემთხვევას ერთი რამ - ელექტრონული სიგარეტის მოხმარება აერთიანებთ.

"ბევრ შემთხვევაში, პაციენტები ამბობენ რომ ისინი ელექტრონული სიგარეტით მოიხმარდნენ THC-ის შემცველ პროდუქტებს", - ამბობს CDC.

THC მარიხუანას შემადგენელი მთავარი ნივთიერებაა.

კომენტარები