ბრექსითი

ჯონსონი: ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის სცენარს მარტივად გავუმკლავდებით

0 კომენტარი
ბორის ჯონსონი ფოტო: Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა საფრანგეთში გამართულ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე თქვა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის შედეგებს მარტივად გაუმკლავდება. მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარეშე გასვლა ევროკავშირის ლიდერების სიჯიუტის ბრალი იქნება.

"ჩემი აზრით ჩვენ ამას გავუმკლავდებით, დიდი ბრიტანეთი დიდებული ქვეყანაა, ჩვენ მარტივად გავუმკლავდებით შეთანხმების გარეშე გასვლის სცენარს." თქვა მან.

დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში ჯონსონმა შეხვედრები გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან.

შეხვედრის შემდეგ ტუსკმა თქვა, რომ მხარეებმა მხოლოდ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და ჯონსონისაგან სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანის თაობაზე ახალი იდეები არ მოუსმენია.

მისი თქმით მზადება მიმდინარეობს როგორც ახალი შეთანხმების მიღწევაზე, ასევე, შეთანხმების გარეშე გასვლისათვის:

"თუ და როდესაც ჩვენი ევროპელ მეგობრების სიჯიუტე გვაიძულებს 31 ოქტომბერს შეთანხმების გარეშე გავიდეთ, რათა ყველაფერმა რამდენადაც შესაძლებელია მსუბუქად ჩაიაროს."

მან ასევე თქვა, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში საკვების და მედიკამენტების ნაკლებობა ნაკლებად არის მოსალოდნელი.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში ტერეზა მეის გეგმით გათვალისწინებულ 39 მილიარდი ფუნტის დიდ ნაწილს აღარ გადაიხდიან და რომ ამის თავიდან არიდებაზე ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა იზრუნონ:

"თუ ჩვენ შეთანხმების გარეშე გამოვალთ, უხეშად რომ ვთქვათ, 39 მილიარდი ფუნტი აღარ გვმართებს. ჩვენს ქვეყანას საკმაოდ დიდი თანხები ექნება საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით დასახარჯად. ეს მუქარა არაა. ეს უბრალოდ ფაქტები და რეალობაა." თქვა მან.

გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ბრექსითის ახალი შეთანხმების მისაღწევად ხელახალი მოლაპარაკებებისათვის საკმარისი დრო აღარ არის.

"მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა: მომდევნო თვეში ჩვენ ვერ ვიპოვით გასვლის შეთანხმებას, რომელიც ორიგინალისაგან განსხვავდება." თქვა მან.

მიუხედავად ამისა, მან ისიც აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრამდე ბრიტანეთს გამოსავლის პოვნაში ხელს შეუწყობენ: "არავინ დაიცდის 31 ოქტომბრამდე ისე, რომ კარგი გამოსავლის პოვნა არ სცადოს."

თავის მხრივ, ბორის ჯონსონმა მაკრონს უთხრა, რომ ბრექსითის შეთანხმება სურს და სჯერა, რომ ამის მიღწევა 31 ოქტომბრამდე შესაძლებელია. "დაე შევასრულოთ ბრექსითი, შევასრულოთ პრაგმატულად და აზრიანად და ორივე მხარის ინტერესებში. ნუ დავიცდით 31 ოქტომბრამდე. ახლავე დავიწყოთ მეგობრობის და პარტნიორობის გაღრმავება." თქვა მან.

ჯონსონმა თქვა, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სიტყვებმა ის გაამხნევა. გერმანიის კანცლერმა ჯონსონთან შეხვედრისას მას შესთავაზა ახალი გეგმა 30 დღეში ჩამოაყალიბოს. მერკელის თქმით გამოსავლის პოვნა კანცლერის მოვალეობა არაა და ე.წ. ბექსტოპის ალტერნატივა ჯონსონმა უნდა მოიფიქროს.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მომდევნო 2წლისგანმავლობაში, მაგრამ, იქნებ, თქვენ ეს გამოსავალი 30 დღეში იპოვოთ? რატომაც არა? და შემდეგ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ." თქვა მერკელმა.

ჯონსონმა მერკელის გამოწვევას მისივე კამპანიის სლოგანით უპასუხა "ჩვენ ეს შეგვიძლია" - თქვა მან.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრექსითის გეგმა ბრიტანეთისდაევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს უნდა მოიცავდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია ერთიანია და მათ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია ბრექსითი არ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. "ბექსტოპი" ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

"ბექსტოპის" საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და, საბოლოოდ, მეიმ პოსტი დატოვა.

ჯონსონს მიაჩნია, რომ მისი მუქარა შეთანხმების გარეშე გასვლის თაობაზე ევროკავშირის სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და საფრანგეთს ხელახალი მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობაში დაარწმუნებს.

ევროკავშირში ბორის ჯონსონის განცხადებებს გამოეხმაურნენ. ბრექსითისმოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ თქვა, რომ შეთანხმებიდან ე.წ. "ბექსტოპის" ამოღება მიუღებელია.

იგივე პოზიცია დააფიქსირა ჯონსონთან სატელეფონო საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც. მან თქვა, რომ არებული შეთანხმება საუკეთესო შესაძლო ვარიანტია.

გარდა ამისა, ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისთვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები