TBC ბანკის დამფუძნებლების განცხადებით, მათ წინააღმდეგ ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება. საგანგებო ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ამჯერად, ამ მიმართულებით ნაბიჯი ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გადადგა.
"მათ მიმართეს წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი.
ეს მცდელობაც, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და რომლებიც აგრძელებენ სამწუხაროდ, პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში, ამისთვის უკვე გამზადებულია სასამართლოს მიერ დამტკიცებული ყადაღის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, სასამართლოს იმის ნაცვლად, რომ გადაეხედა, არის თუ არა იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ჩვენი ფულადი სახსრები არის უკანონო, არის თუ არა მტკიცებულება და საფუძველი ამისთვის, ნაცვლად ამისა, პირდაპირ, ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა და ეს ყადაღა იქნება გადაგზავნილი ბრიტანეთში. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან, მზად ვართ, მათ თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება დავუმტკიცოთ. ამავდროულად, ვიღებთ გამოწვევას და გვინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ, მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს საფუძვლიანობის და მიზნების მიმართებით.
ამიტომ, დღეიდან ჩვენ ვიწყებთ, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს გამოყენებით ვამხილოთ ყველა ის სამსახური, რომელიც გამოიყენება ამ, ჩვენი აზრით, სრულიად კრიმინალური ხასიათის ქმედებების განხორციელებაში" - განაცხადა ჯაფარიძემ.
თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.





