განათლება

როდის და რამდენით გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები

neatoday.org

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სისტემის "კომპლექსური ტრანსფორმაციის" ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ზოგადი განათლების რეფორმაა და ის მოიცავს მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების და მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად ანაზღაურების გაზრდას. 

უწყება ავრცელებს ინფორმაციას პედაგოგების სტატუსისა და შესაბამისი ანაზღაურების შესახებ.

კერძოდ, განათლების სამინისტროს ცნობით, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა მასწავლებელს  რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. შედეგად, ჯამში:

  • უფროსი მასწავლებლებს ანაზღაურება იქნება - 1011 ლარი
  • წამყვანი მასწავლებლების ანაზღაურება იქნება - 1435 ლარი
  • მენტორი მასწავლებლების ანაზღაურება იქნება - 1745 ლარს

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ მასწავლებლები მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, "კიდევ მეტს" მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ საუბარია დაუბეგრავ თანხაზე.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს და პროცესშია შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებები.

განათლების სამინისტროს თქმით, პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და 2022 წლისათვის მათი დაუბეგრავი ანაზღაურება იქნება:

  • უფროსი მასწავლებელი - 1700 ლარი
  • წამყვანი მასწავლებელი - 2135 ლარი
  • მენტორი მასწავლებელი - 2445 ლარი

განათლების რეფორმაზე დღეს, მასწავლებლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმაც. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ "განათლების ფუნდამენტური რეფორმის შედეგად, საქართველოში მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული".

კომენტარები