რუსული ოკუპაცია

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები გუგუტიანთკარში ჩავიდნენ

twitter/Erik Hoeg

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ერიკ ჰოგი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისში, ტოივო კლარი გუგუტიანთკარში ცავიდნენ

"გაცნობითი ვიზიტი გუგუტიანთკარში. მავთულხლართების გავლება ყოფს საზოგადოებას და სირთულეებს იწვევს. ​მცოცავი ოკუპაცია მიუღებელია", - დაწერა ტვიტერზე ტოივო კლარმა.

 "2 თანათავმჯდომარესთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებას შევუერთდი, რათა დავკვირვებოდი მცოცავ ოკუპაციას გუგუტიანთკარში. ახალი ღობეების გავლება ყოფს საზოგადოებას. ეს საკითხი ხვალ ერგნეთის შეხვედრაზეც იქნება განხილული", - წერს ერიკ ჰოგი

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.

20/21 აგვისტოს ღამეს მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ხაზთან პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ ჩავიდნენ.

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა, 19 აგვისტოს კი გურიაში დოღს და მუსიკლურ ფესტივალს დაესწრო.

21 აგვისტოს მამუკა ბახტაძე ბათუმში ჩავიდა, კაფე "რვაფეხას" გახსნაზე.

კომენტარები