ბრექსითი

ევროკავშირიდან გასვლამდე, ბორის ჯონსონი პარლამენტის მუშაობას დროებით შეაჩერებს

cufi.org.uk

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლამდე ბრიტანეთის მთავრობა დედოფალს პარლამენტის სამუშაოს შეჩერების თხოვნით მიმართავს. დედოფალი ელისაბედი პრემიერმინისტრის თხოვნას პარლამენტის შეჩერებაზე დათანხმდა.

გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 31 დეკემბერს უნდა დატოვოს. გასვლის თარიღი უკვე მეორედ გადაიდო, მას შემდეგ, რაც წინა პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის ევროკავშირთან შეთანხმება გასვლის თაობაზე პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ამის მიზეზი ერთ ჯერზე ისიც გახდა, რომ პარლამენტმა მთავრობას დაავალა, შეთანხმების გარეშე გასვლის თავიდან ასარიდებლად ევროკავშირისთვის მოლაპარაკება კიდევ ეთხოვა.

სავარაუდოა, რომ პარლამენტარები ამჯერადაც შეეცდებიან აღკვეთონ ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება. ბორის ჯონსონი, რომელიც 24 ივლისიდან შეუდგა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას, ამბობს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ 31 ოქტომბერს ევროკავშირი უნდა დატოვოს იმისდა მიუხედავად, შეძლებს თუ არა ლონდონი და ბრიუსელი ახალ პირობებზე შეთანხმებას.

პრემიერმინისტრმა ჯონსონმა განაცხადა, რომ სესია 14 ოქტომბერს განახლდება.

ბორის ჯონსონის თქმით, მისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო პროგრამას ეხებოდა - "ეს არის ზუსტად ის, რაც ვთქვი დაუნინგ სტრიტზე, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ შიდა დღის წესრიგს". მისი თქმით, პარლამენტმა უნდა იმუშაოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - დანაშაული, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ტექნოლოგიები, განათლების სისტემის გაუმჯობესება და ცხოვრების ხარჯების შემცირება.

"სწორედ ამიტომ გვჭირდება დედოფლის განცხადება," - თქვა პრემიერმინისტრმა.

ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტარებს 31 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოსვლის შესაჩერებლად ახალი კანონების მისაღებად დრო თითქმის არ დარჩებათ.

პარლამენტი მუშაობას 3 სექტემბერს განაახლებს . 

პარლამენტის მუშაობას მოკლე დროით წყვეტს მანამ, სანამ ახალი სესია დაიწყება. ამას დედოფალი პრემიერ მინისტრის თხოვნის საფუძველზე აკეთებს.

როგორც წესი, პარლამენტის სესიები ერთ წელს გრძელდება, მაგრამ ამჟამინდელი სესია უკვე ორ წელზე მეტი, 2017 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ გრძელდება.

პარლამენტის შეჩერების დროს არ იმართება დებატები და პარლამენტარებს კანონპროექტისთვის ხმის მიცემა არ შეუძლიათ.

პარლამენტის შეჩერება არ ნიშნავს პარლამენტის დათხოვნას. პარლამენტის დათხოვნის დროს ახალი არჩევნები იმართება. 

პარლამენტარებმა  უნდა დაამტკიცონ შეჩერების თარიღები, თუმცა მათ შეჩერების დაბლოკვა არ შეუძლიათ.

ივლისში ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისთვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

გასულ კვირას დიდი შვიდეულის სამიტზე პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა საფრანგეთში გამართულ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე თქვა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის შედეგებს მარტივად გაუმკლავდება. მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარეშე გასვლა ევროკავშირის ლიდერების სიჯიუტის ბრალი იქნება.მისი თქმით მზადება მიმდინარეობს როგორც ახალი შეთანხმების მიღწევაზე, ასევე, შეთანხმების გარეშე გასვლისათვის.

ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. "ბექსტოპი" ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

"ბექსტოპის" საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და, საბოლოოდ, მეიმ პოსტი დატოვა.

კომენტარები