რუსული ოკუპაცია

ხულორდავა რუსული ტექნიკის გადაადგილებაზე: სანქციები რუსულ აგრესიას არ აჩერებს

parliament.ge

პარლამენტის ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, რუსეთის მხრიდან მუდმივად ხდება პროვოკაცები, რასაც საქართველო არ უნდა წამოეგოს, ვინაიდან ამ წამოგების ფასი საქართველომ უკვე იცის. 

ხულორდავამ ეს რუსული სამხედრო ტექნიკის ხაშურის სოფელ ჩორჩანაში გადაადგილების შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა. 

მისივე თქმით, უკრაინის მაგალითზე ჩანს, რომ სანქციები რუსულ აგრესიას არ აჩერებს. 

"ასეთი ტიპის პროვოკაციებს მუდმივად აქვს ადგილი რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობით და რუსული ჩარევით ჩვენს საოკუპაციო ხაზზე. პროვოკაციებზე წამოგების ფასი საქართველომ იცის, რა არის. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ეს საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში. მოჰყავთ არგუმენტად ის, რომ ჩვენ უნდა გავააქტიუროთ სანქციებზე საუბარი, თითქოს ეს შეაჩერებს რუსეთის აგრესიას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ აგრესიას ეს არ აჩერებს. ამიტომ, ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ის, რომ მშვიდობიანად, ჩვენი პოზიციების ძალიან პრინციპული დაცვით უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი". 

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, რუსეთი პროვოკაციებს შეწყვეტს, თუ "საერთაშორისო ასპარეზზე თავის ტკივილი გაუჩნდება". 

"საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, ჩვენი მოქალაქეების გატაცების ერთადერთი წამალი არის, თუკი ოკუპანტს საერთაშორისო ასპარეზზე შეექმნება პრობლემა, თავის ტკივილი თუ გაუჩნდება. დღეს ასეთი თავის ტკივილი მას არ აქვს, იმიტომ რომ იმ დონეზე რა დონეზეც გადაწყვეტილება მიიღება, უმაღლეს დონეზე, ტრამპის დონეზე... აი მაკრონს შეხვდა პუტინი ერთი კვირის წინ. სიტყვა საქართველო არც კი ყოფილა ნახსენები, განხილული. თუკი ამ დონეზე არ დგას საქართველოს საკითხი და პრობლემა არ აქვს რუსეთს, რატომ არ უნდა გადმოსწიონ საოკუპაციო ხაზი და რატო არ უნდა გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ", - თქვა კანდელაკმა. 

28 აგვისტოს ღამით ხაშურის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის შეფასებით, ეს უკიდურესად სახიფათო პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციას. 

მისივე თქმით, ეს საკითხი სხვა მწვავე საკითხებთან ერთად დღეს, 29 აგვისტოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე მწვავედ დაისმება.

"ჩორჩანაში ადგილი აქვს მცდელობას, ხელოვნურად მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია. ეს არის უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციული ქმედება და ჩვენ ამ საკითხს მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. 

დაგეგმილია 10 საკითხის განხილვა. განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არა ერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ მაგალითად გუგუტიანთკარში განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციას, რა დროსაც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს ხელოვნური ბარიერები. ასევე, მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციას წარმოადგენს. ვისაუბრებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, ასევე, მთელი სიმძაფრით დადგება ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერეთში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივების სახლების დანგრევის და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი",  თქვა ირაკლი ანთაძემ. 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

კომენტარები