რუსული ოკუპაცია

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა, სადაც 10 საკითხის განხილვა იგეგმებოდა, მათ შორის შეხვედრაზე უნდა განეხილათ გუგუტიანთკარზე და ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებები. ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა.

"დღევანდელ შეხვედრაზე, დღის წესრიგის თანახმად, უნდა განგვეხილა 10 საკითხი, კერძოდ გვემსჯელა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე, რაც ადგილზე უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

კერძოდ, მწვავედ უნდა დაგვეყენებინა გუგუტიანთკარში განხორციელებული ე.წ. უკანონო ბორდერიზციის საკითხი, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა საკუთარ სახლებში და ეზოებში აღუმართეს ხელოვნური ბარიერები. ვაპირებდით,  მძაფრად დაგვეყენებინა ერედვში, საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი, ძირძველი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის ფაქტები, უნდა გვემსჯელა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ  საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე და ამ უმწვავესი საკითხების პარალელურად, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაგვეთმო არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტისთვის", - თქვა ირაკლი ანთაძემ.

ანთაძის ცნობით, შეხვედრა უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით დაიწყო, სადაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ პროვოკაციულ ქმედებებს.

მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია დაიჭირეს და რამდენჯერმე ულტიმატუმების ფონზე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფუნქციონირებას დაემუქნენ, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

"ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იყო დაფიქსირებული, რომ IPRM არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი, ნებისმიერი საკითხი შესაძლებელია, განხილული იყოს დიალოგის გზით. სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა მათ მიერ გაზიარებული და მათ ჩაშალეს "აიპიარემის" (IPRM) შეხვედრა", - თქვა ანთაძემ.

მისივე თქმით, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ პროვოკაციულ ქმედებებს, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

ცნობისთვის, 28 აგვისტოს ღამით ხაშურის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

კომენტარები