ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

Bellingcat: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი არარსებული პიროვნების პასპორტით გადაადგილდებოდა

0 კომენტარი
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პიროვნება წვერებით და ციფრულად მოშორებული წვერით

საგამოძიებო გვერდმა Bellingcat-მა ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემასთან, Der Spiegel-თან და რუსულ The Insider-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ პიროვნება, რომელმაც ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, შენგენის ზონაში არარსებული ადამიანის პასპორტით გადაადგილდებოდა და ჩაწერილი იყო არარსებულ მისამართზე.

2018 წელს სწორედ Bellingcat-მა გამოავლინა იმ ადამიანების ვინაობა, ვინც სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში იყვნენ პასუხისმგებელი.

Როგორც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, ხანგოშვილის მკვლელი გადაადგილდებოდა პასპორტით, რომელიც ეკუთვნოდა ვინმე ვადიმ ანდრეის ძე სოკოლოვს, დაბადებულს 1970 წლის აგვისტოში. Როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი რუსეთიდან საფრანგეთში ჩაფრინდა, საიდანაც ბერლინში გაემგზავრა.

გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსული პასპორტების ბაზაში მსგავსი პიროვნება საერთოდ არ იძებნება. მის შესახებ მონაცემები არ მოიძებნებოდა არც რუსი შიდა და გარე მოგზაურების სიაში, არც საგზაო პოლიციისა და მართვის მოწმობების ბაზაში.

Რთული წარმოსადგენია, ყალბი პასპორტი მას სპეცსამსახურების ჩარევის გარეშე აეღო.

“სოკოლოვი” არ მოიძებნებოდა არც ადრე გავრცელებულ ბაზებში. ამასთან, ასეთი სახელის, გვარის და დაბადების თარიღის მქონე ადამიანს გასული ექვსი წლის მანძილზე შენგენის ზონაში არ უმოგზაურია და ვიზა არ აუღია.

დიდი ალბათობით, “სოკოლოვის” ოპერაციაში FSB და GRU მონაწილეობდა. ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის დატოვებისას, პასპორტის კონტროლის გავლისას, “სოკოლოვს” პრობლემები უნდა შექმნოდა. წესით, მონაცემთა ბაზასთან შეუსაბამობის გამო, ყალბი პასპორტის ამოცნობა სირთულე არ უნდა ყოფილიყო. 

ასეთ შემთხვევაში, “სოკოლოვს” საპასპორტო კონტროლის წარმატებით გავლა ორ ვარიანტში შეეძლო - ან მესაზღვრეებისთვის ცნობილი იყო, რომ ის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, ან მისი მონაცემები დროებით შეიყვანეს ბაზაში.

Bellingcat ვარაუდობს, რომ “სოკოლოვის” მონაცემები მის საფრანგეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტანს ბაზაში, შემდეგ კი კვლავ ამოიღეს. ამ ეჭვს ის ამყარებს, რომ ის ბაზაში არც ძველ და არც ახალ მონაცემებში არ იძებნება, მისი პასპორტს კი ეწერა, რომ 2019 წლის 18 ივლისს, გამგზავრებამდე ათი დღით ადრე იყო გაცემული.

აღსანიშნავია ისიც, რომ “სოკოლოვის” პასპორტი არა ბიომეტრიული, არამედ ძველებური იყო. ამის მიზეზი შეიძლებოდა ის გამხდარიყო, რომ ბიომეტრიულ პასპორტში დატანილია პიროვნების თითის ანაბეჭდები. იმ შემთხვევაში, თუ აგენტის თითის ანაბეჭდს დაიტანდნენ ყალბ პასპორტზე, ის დაემთხვეოდა აგენტის ნამდვილი პასპორტის ანაბეჭდს, რაც ყალბი პასპორტის აღებას შეუძლებელს გახდიდა. ბიომეტრიული პასპორტები კი რუსეთში უკვე 10 წელია გაიცემა. ძველებურ პასპორტებს მხოლოდ საგანგებო ვითარებებში გასცემენ.

ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ საფრანგეთის საკონსულომ მოსკოვში გასცა ექვსთვიანი ვიზა პიროვნებაზე, რომლის პირადი მონაცემებიც არასრული იყო. გარდა არარსებული მისამართისა და სხვა ხარვეზებისა, სოკოლოვს განაცხადში მითითებული ჰქონდა, რომ მუშაობდა კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე, კომპანია კი დაზუსტებული არ ჰქონია. მას ასევე მითითებული ჰქონდა, რომ საფრანგეთში სასტუმროში უნდა დარჩენილიყო. ფოტოს ჩვენების შემდეგ, იმავე სასტუმროს მიმღები აცხადებდა, რომ მსგავსი პიროვნება არ ენახა.

23 აგვისტოს, გერმანიაში, ბერლინში, როცა ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა.

პოლიციამ 49 წლის რუსი ადამიანი მკვლელობიდან მალევე დააკავა, ასევე ამოიღო მისი პისტოლეტი და ელექტრო ველოსიპედი, რომელთა მოცილებასაც მკვლელი ცდილობდა, თუმცა ვერ მოასწრო.

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო.

2015 წლის 28 მაისს ზელიმხან ხანგოშვეილზე თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას მანქანაში 8 ტყვია ესროლეს. მაშინ ოჯახმა მომხდარში რუსულ სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ხანგოშვილის ოჯახმა საქართველო სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დატოვა. 

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი ლაფანყურის საქმეში ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები