აშშ - საქართველო

კონგრესი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქცევა, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს

0 კომენტარი
ფოტო: Bill Koplitz / FEMA Photo Library

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ წნელისთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"რუსეთის მილიტარიზაციის გაძლიერება სამხრეთ ოსეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა უგუნურად უგულებელყოფს სხვა ერების სუვერენიტეტს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქცევა და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს," - ვკითხულობთ Twitter-ზე.

ოკუპირებულ სოფელ წნელისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასთან აგებული საგუშაგო იყო, რომლის დაშლაზე ქართული მხარე უარს აცხადებს.  

​შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

30 აგვისტოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგო განთავსდებოდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-მ ანატოლი ბიბილოვის ბრძანების შესრულება დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები