ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალი: ქართული პოლიციის თავზე სიმაღლე დავიკავეთ და დროშა აღვმართეთ

ოკუპირებული ცხინვალის თქმით, ოკუპირებულ წნელისში ქართული პოლიციის თავზე სიმაღლე დაიკავეს და დროშა აღმართეს. როგორც მათ განცხადებაში წერია, ქმედება მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება.  

"მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა წნელისში პრეზიდენტ ბიბილოვის გადაწყვეტილებით მორიგი მშვიდობიანი ხასიათის ჰუმანიტარული ოპერაცია დაიწყო,"-ვკითხულობთ ოკუპირებული ცხინვალის განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. პრეზიდენტ ბიბილოვის დავალებით ოკუპირებულმა ცხინვალმა დაიკავა ქართული ბლოკპოსტიდან 944,8 მ. სიმაღლე და დროშა აღმართა. 

"საქართველოს პროვოკაციული ქმედებები მიმართულია სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა ტერიტორიის ანექსიისკენ. საფრთხე, რომელიც მოსახლეობას ემუქრება, იზრდება. ამას ქართველი ძალოვნების მიერ კვარდროკოპტერისთვის ცეცხლის გახსნაც მოწმობს",-წერია განცხადებაში.  

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პირველ სექტემბერს ქართულმა მხარემ მათ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა.

მათი თქმით საფრენი აპარატი სოფელ წნელისთან ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა და ვიდეოდაკვირვებას ახორციელებდა, ამ დროს კი ქართულმა მხარემ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობის მხრიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც აპარატი ჩამოვარდა საოკუპაციო ხაზთან.

შეგახსენებთ, რომ​ ​ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, 29 აგვისტოს, ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა.

30 აგვისტოს ოკუპირებულ სოფელ წნელისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგო განთავსდება.

კომენტარები