დიდი ბრიტანეთი

ლორდთა პალატა დაამტკიცებს კანონს, რომელიც შეთანხმების გარეშე ბრექსითს შეაფერხებს

0 კომენტარი
ლორდთა პალატა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატა დაამტკიცებს თემთა პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონს, რომელიც შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებას ხელს შეუშლის და ბორის ჯონსონს დაავალდებულებს შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადაწევა ითხოვოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით მთავრობამ კანონის დამტკიცებისათვის ხელის შეშლას არ აპირებს.

კონსერვატიული პარტიის წევრებმა სცადეს კანონში შესწორებების შეტანა, რაც კანონის დამტკიცებას გადაავადებდა მომდევნო კვირამდე, როდესაც, ჯონსონის გადაწყვეტილებით პარლამენტს დროებით დაითხოვენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ კანონი ხვალ, 6 სექტემბერს დამტკიცდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში მარცხი განიცადა. 328 ხმით 301-ის წინააღმდეგ კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას ხელს შეუშლის.

ამის პასუხად ჯონსონმა თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. კანონპროექტს მხარი ჯონსონის კონსერვატიული პარტიის 21-მა წევრმა დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მათ პარტიიდან გარიცხვით დაემუქრნენ. მათ შორის არის უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სომსი და ყოფილი ფინანსთან მინისტრები ფილიპ ჰამონდი და კენეთ კლარკი.

"მე არ მსურს არჩევნები, მაგრამ თუ პარლამენტარები ხვალ მხარს დაუჭერენ მოლაპარაკებების შეწყვეტას და ბრექსითის კიდევ ერთ, არაფრისმომტან გადავადებას, ეს ერთადერთი გზა იქნება ამ პრობლემის გადასაჭრელად." თქვა ჯონსონმა კენჭისყრის შემდეგ.

მანამდე ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის წევრებს ულტიმატუმი წაუყენა. ჯონსონის თქმით კონსერვატორების ნაწილი, რომელთაც შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლა არ სურთ და ამისათვის პარლამენტში კანონის გატანას ცდილობენ, ბრექსითის მომლაპარაკებლებს ხელს უშლიან. კონსერვატიულ პარტიაში კი თქვეს, რომ არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წევრები, რომლებიც 31 ოქტომბერს ბრექსითის დაბლოკვას შეეცდებიან პარტიის სიაში არ იქნებიან.

"თუ რაიმე აფერხებს მოლაპრაკებებს ესაა შეგრძნება ბრიუსელში, რომ პარლამენტარებმა შესაძლოა იპოვონ გზა რეფერენდუმის შედეგების გასაუქმებლად... თუ ისინი ამას გააკეთებენ ბრიტანეთის პოზიციას ფეხებს მოკვეთენ და შემდგომ მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდიან.მინდა ყველამ იცოდეს - არავითარ შემთხვევაში არ ვთხოვ ბრიუსელს გადადებას. ჩვენ გავდივართ 31 ოქტომბერს, არავითარი არა ან მაგრამ. ჩვენ არ შევეგუებით დაპირებების უკან წაღები და რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მცდელობებს." თქვა ჯონსონმა.

გასულ კვირას მან დედოფალ ელისაბედ მეორეს სთხოვა პარლამენტის მუშაობა დროებით შეეჩერებინა, რაზეც თანხმობა მიიღო.

დედოფლის სიტყვა, რომლის შემდეგაც პარლამენტის ახალი სესია იწყება 14 ოქტომბერს ჩაინიშნა. დედოფალი ამ თარიღს დათანხმდა. შედეგად პარლამენტი მუშაობას 14 ოქტომბერს განაახლებს. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 31 ოქტომბერია განსაზღვრული, რაც კანონმდებლებს საკითხის განსახილველად მხოლოდ 2 კვირას უტოვებს.

პრემიერმინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. "ბექსტოპი" ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

"ბექსტოპის" საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და, საბოლოოდ, მეიმ პოსტი დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები