აშშ - ევროპა

აშშ-მა ევროპას რუსეთის და ჩინეთის შესაკავებლად მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა

0 კომენტარი
მარკ ესპერი ფოტო: Handelsblatt

6 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ევროპას რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე უსაფრთოხებისა და ეკონომიკურ საფრთხეების შესაკავებლად მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა.

"ნათელია, რომ რუსეთსა და ჩინეთს სხვა ქვეყნის ეკონომიკურ, დიპლომატიურ და უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლების მოპოვებით საერთაშორისო წესრიგის არევა სურს," - განაცხადა ესპერმა ლონდონში სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტში. 

მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისთვის აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ევროპელ კოლეგებს გაერთიანებისკენ მოუწოდა - "აშშ თვალს უსწორებს ამ გამოწვევას, თუმცა თუ ჩვენ ამ სამყაროს შენარჩუნება გვსურს, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით ათწლეულების მანძილზე გაზიარებული მსხვერპლით, ჩვენ ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ ამას."

ესპერმა ხაზი გაუსვა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, მის მეზობელ ქვეყანაში შესაძლო თავდასხმით დაწყებული, სირიაში განხორციელებული ქმედებებით დამთავრებული - "მარტივად რომ ვთქვა, რუსეთის საგარეო პოლიტიკა აგრძელებს საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფას."

აშშ-ის ტავდაცვის მდივანმა ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას იკითხა შეასრულა თუ არა ჩინეთმა ერთი ქვეყანა - ორი სისტემის პირობა? - "ჩვენ ვნახეთ რას უშვებიან მათ, ვინც ჰონგ-კონგში [ჩინეთის კომუნისტური პარტიის] გავლენის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს".

"ევროპაში ჩემ მეგობრებს ვაფრთხილებ - ეს არ არის პრობლემა რომელიღაც მოშორებულ მიწაზე, რომელიც თქვენ არ შეგეხებათ," - აღნიშნა მარკ ესპერმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF) 2 აგვისტოს სრულად დატოვა. აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

აგვისტოში ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალი სერიების განკარგულებას, რაც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის შესახებ კანონდამრღვევი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. განკარგულება ეხება რუსეთს გასული წლის მარტში დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამლვაში მონაწილეობისთვის.

აშშ-ის სანქციების პირველი რაუნდი მოიცავს გაზის ტურბინიანი ძრავების, ინტეგრირებული მიკროსქემების და საავიაციო ელექტროტექნიკისთვის განკუთვნილი კალიბრაციის აღჭურვილობის ექსპორტს შეეხება და ძალაში გასული წლის აგვისტოდან შევიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით სანქციები ასობით მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტს მოიცავს.

რაც შეეხევა ჩინეთს, აშშ-ისა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს. 10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა. ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფები გაზარდა.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა. 6 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ცნო. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 10%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავდა, რომელიც ტრამპის განცხადების შემდეგ 15% გახდა.

მსოფლიოს ორ უმსხვილეს სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი 2018 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა.

ჰონგ-კონგში უკვე სამ თვეზე მეტია, რაც მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს. სამი თვის შემდეგ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა დააანონსა. ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. ქალაქში ჩინეთის არმიამაც განახორციელა როტაცია. არსებობს ვარაუდი, რომ ჩინეთმა აქციები თიანანმენის მსგავსად დაარბიოს. კანონპროექტის უკან გაწვევის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა აქციები სხვა მოთხოვნების შესასრულებლად.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო G7/8 ჯგუფის ქვეყნებისთვის ემასპინძლა და მიესალმებოდა მის უფრო ფართო ფორმატს ჩინეთის, თურქეთისა და ინდოეთის მონაწილეობას.

ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას მოყვა, რომ რუსეთის ევროპიდან გაძევება მათ ინტერესში არ იყო. მაკრონმა რუსეთის ნარატივიც გაიმეორა და "დასავლური ჰეგემონიის დასასრულზე" გაამახვილა ყურადღება. ამის მაგალითად მან რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და აფრიკაც მოიხმო.

აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბრისას, განაცხადა, რომ თავდაპირველად უკრაინის კრიზისის გადაწყვეტაა აუცილებელი. ამერიკულმა ტელეკომპანია CNN გაავრცელა ინფრომაცია, რომ დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი თანახმა არიან რუსეთს დიდი შვიდეულის შემდეგ სამიტზე მოიწვიონ. მოგვიანებით, ტრამპმა ეს სურვილი დაადასტურა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები