გახარიას წერილი

ხაზარაძე გახარიას წერილზე: იმედია, პროკურატურაში თავიდან აღიძვრება საქმე

0 კომენტარი

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ დასრულდა იმ წერილის ექსპერტიზა, რომელიც მან თებერვალში პროკურატურას წარუდგინა და შედეგები მალე გახდება ცნობილი.

"თქვენ იცით, რომ ჩვენმა ადვოკატმა ჩამოიტანა პასუხი. პირველი ექსპერტიზა დამთავრდა საკმაოდ სერიოზული შედეგებით, ამას ადვოკატები გაამჟღავნებენ. ასევე გრძელდება სხვა ტიპის ექსპერტიზა და შესაბამისად, იმედია, რომ პროკურატურაში საქმე აღიძვრება თავიდან, რამეთუ მათ ჰქონდათ საფუძველი ეს საქმე აღეძრათ. თქვენ იცით, რომ თებერვალში მათ არ გააკეთეს ეს, ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სერიოზული წერილია. ის წერილი მიუთითებს, თუ რამდენად მახინჯი და კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამას გამოვავლენთ და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ყველაფერი," - ამბობს ხაზარაძე.

_______________________________________________________________________________

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტი, რაც მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევაა".

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი გაუგზავნა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

9 ივლისს კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

24 ივლისს, პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, ასევე აუკრძალეს გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები