არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

პოლიტიკური ანგარიშსწორება, ზეწოლა მედიაზე - 17 NGO საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

0 კომენტარი
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ხელმომწერი ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ და უზიარებენ შეშფოთებას "საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან, მედიისა და პოლიტიკურ თავისუფლებებთან, კორუფციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც დღეს ვიმყოფებით".

17 არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციით. განცხადების მიხედვით, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს არაფორმალური მმართველობა.

"შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენებით, კერძოდ, ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციით მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელში, რის გამოც დარღვეულია ძალაუფლების დანაწილების ბალანსი და ინსტიტუციების სიცოცხლისუნარიანობა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. 2012 წლიდან მოყოლებული, მათ შორის 2013 წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქვეყნის უმდიდრეს ადამიანს, უდიდესი გავლენა აქვს ქართულ პოლიტიკაზე. ბიძინა ივანიშვილი ერევა და გავლენას ახდენს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. მისდამი ერთგული ადამიანები მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ინსტიტუციების ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებენ, რითიც იქმნება მათზე გავლენის ბერკეტი. ეს მოცემულობაა პროკურატურის, სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო სააგენტოს შემთხვევაში. სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილისა და გადაწყვეტილების მიხედვით იცვლებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრები, ყოველგვარი პოლიტიკური პროცესის გვერდის ავლით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ხელისუფლება ვერ ახერხებს ეფექტურ რეაგირებას მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების მიმართ კორუფციის ბრალდებებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ქართული ოცნების ხელმძღვანელობას ინსტიტუტებზე არასათანადო გავლენის შესაძლებლობას აძლევს.

"საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო პოლიტიკური ნების გამოვლენა ბოლო წლების განმავლობაში ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მომსახურების სფეროში კორუფციის შემთხვევები ჯერ კიდევ იშვიათობაა, ხელისუფლება ვერ ახერხებს ეფექტურ რეაგირებას მაღალი თანამდებობის და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების მიმართ არსებულ კორუფციის სარწმუნო ბრალდებებზე. ძალაუფლების უკიდურესი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას შესაძლებლობას აძლევს არასათანადო გავლენა მოახდინოს მნიშვნელოვან საჯარო ინსტიტუციებზე (მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებზე) და ხელი შეუშალოს საკუთარი ფუნქციის დამოუკიდებლად და პროფესიონალურად შესრულებაში", - აღნიშნავს 17 ორგანიზაცია.

საქართველოში მოქმედი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზეც და "კლანზეც".

"მმართველმა პარტიამ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით მტკიცე და თანმიმდევრული პოლიტიკური ნება ვერ გამოავლინა. პირიქით, 2015 წლიდან თანმიმდევრულად ხდება სასამართლო სისტემაში კორუმპირებულ და სახელგატეხილ მოსამართლეთა დომინანტური ჯგუფის გაძლიერება და მისი გავლენის გაფართოება; აღნიშნულ ჯგუფს ხშირად „კლანს“ უწოდებენ, რადგან მასში შემავალ პირებს  ნათესაური, მეგობრული ან წარსული პროფესიული კავშირები გააჩნიათ და შეთანხმებულად მოქმედებენ. ამ მომენტისთვის კლანი და მმართველი პარტია ერთობლივად ცდილობს უზენაეს სასამართლოში ადგილების დაახლოებით 60%-ის დაკავებას, რაც სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების კულმინაცია იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც 17 არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს, პოლიტიკური კონკურენციის არათანაბარი გარემოა. ისინი მიუთითებენ სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩეველთა მოსყიდვაზე, დაშინებასა და ცილისმწამებლურ კამპანიაზე.

"ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს საარჩევნოდ არსებული პოლიტიკური კონკურენციის არათანაბარი გარემო, რაც ყველაზე უკეთ 2018 წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე გამოჩნდა. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი მოსყიდვა, დაშინების სავარაუდო (თუმცა დამაჯერებელი) შემთხვევები, ნეგატიური და ცილისმწამებლური მედია კამპანიები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მმართველი პარტიის ხელში არსებული დიდი რაოდენობის ფინანსური რესურსი – ყველაფერმა ამან კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ გამოხატა პოლიტიკური ნება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება (რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო), ეს ცვლილება ჯერ არ განხორციელებულა; თუმცა ეს ნაბიჯი არ იქნება საკმარისი არსებული არაპროპორციულობის დასაბალანსებლად. ამასთანავე, მმართველი პარტია საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც გეგმავს, რომელთა ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად დაზიანდეს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების არსებული სტანდარტები", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მედიის დამოუკიდებლობა. ისინი საუბრობენ რუსთავი 2-ის საქმეზე და ტელეკომპანია პირველის მფლობელის მამისთვის ბრალის წაყენებაზე.

"მედიის დამოუკიდებლობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელევიზიის – "რუსთავი 2"-ის მფლობელთა ცვლილების შემდეგ, მედია პლურალიზმს სერიოზული საფრთხე ემუქრება. სამართალდამცავების მიერ "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორისთვის (ნიკა გვარამია) და დამოუკიდებელი ტელეკომპანია პირველის მფლობელის (ვახტანგ წერეთელი) ოჯახის წევრისთვის ბრალის წაყენება იმაზე მიანიშნებს, რომ მთავრობა შესაძლოა ზეწოლის მოხდენას ცდილობს ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის წარმომადგენლებსა და ორგანიზაციებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ რუსულ პროპაგანდაზეც და აღნიშნავენ, რომ ხშირად, პრორუსული ჯგუფები კანონზე მაღლა დგანან, მათ პასუხს არავინს სთხოვს.

"საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული რუსული პროპაგანდა, რომელიც აღვივებს სიძულვილს და ახალისებს ანტიდასავლურ, ანტიევროატლანტიკურ განწყობებს. ამასთანავე, არსებობს ეჭვი, რომ მმართველი პარტია თავადაა პასუხისმგებელი სოციალურ მედიაში მადისკრედიტირებელი კამპანიების მზარდ რაოდენობაზე, რომლებიც დასპონსორებული მასალის გამოყენებით ესხმიან თავს ძირითადად პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას. მთავრობა არათუ ცდილობს რუსულ პროპაგანდასთან გამკლავებას, არამედ პირიქით, ბევრი შემთხვევა ადასტურებს, რომ პრორუსული, ულტრანაციონალისტური და აგრესიული ჯგუფები კანონზე მაღლა დგანან და მათ არავინ სთხოვს პასუხს აგრესიული ქმედებებისა და აგრესიისკენ მოწოდებებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზეც, მათ შორის, თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საქმეზე, ასევე, ნიკა გვარამიას და ტვ პირველის დამფუძნებლის მამის საქმეებზე, 20 ივნისის აქციის მონაწილეთა ბრალზე. NGO-ები მიუთითებენ, რომ ეს მაგალითები ასახავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს: პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, მედიაზე ზეწოლას და ა.შ.

"შემაშფოთებელია ბოლო დროს გახშირებული პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევები, რომელთა არასრული ჩამონათვალი მოიცავს: სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეს და ბრალის წაყენებას ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკის – თიბისი ბანკის დამფუძნებლებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის (რომელშიც სტრატეგიულად მონაწილეობს აშშ) მფლობელებისთვის; სისხლის სამართლის საქმეს ოპოზიციური ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ; სისხლის სამართლის საქმეს დამოუკიდებელი ტელეკომპანია TV პირველის მფლობელის მამის წინააღმდეგ; ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებისთვის ბრალის წაყენებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, დაპატიმრებას, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას. მიგვაჩნია, რომ ეს მაგალითები მოკლედ და სრულყოფილად ასახავს საქართველოს ყველა ძირითად პრობლემას: სახელმწიფო ინსტიტუციების გამოყენება პოლიტიკური სარგებლისთვის, პოლიტიკური ანგარიშსწორება, ორკესტრირებული თავდასხმები სოციალურ მედიაში, ზეწოლა თავისუფალ მედიაზე და შესაძლო რუსული გავლენა მმართველ ელიტაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

17 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ შეინარჩუნონ საქართველოს მიმართ ინტერესი, რათა ქვეყნის ხელმძღვანელობას აიძულონ დემოკრატიული ცვლილებები.

"ამ მოკლე მიმოხილვით გვსურს თქვენი, როგორც საქართველოს მეგობრების ყურადღება მივაქციოთ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და სახელმწიფოს მიტაცების მხრივ არსებულ სავალალო მდგომარეობას. ჩვენი თხოვნა იქნება, შეინარჩუნოთ საქართველოს მიმართ ინტერესი და ჩართულობა, რათა ვაიძულოთ ქვეყნის ხელმძღვანელობა განახორციელოს იმგვარი დემოკრატიული ცვლილებები, რომლებიც თანხვედრაში იქნება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თაობაზე  საქართველოს მიერ გაცხადებულ მიზანთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საზოგადოება და ბანკები
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • მწვანე ალტერნატივა
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • საფარი
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • საქართველოს პენცენტრი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები