თიბისი ბანკის საქმე

ჯაფარიძე ვოლსკის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებებისთვის უჩივლებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ადამიანს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან).

ჯაფარიძე facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ის ასევე მოითხოვს, ვოლსკის ფინანსური სანქცია, 221 952 ლარის ოდენობით დაეკისროს, რომელიც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩაიდება.

ჯაფარიძე წერს, რომ ბოლოს პერიოდის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლების და ქართული ოცნების მთავარი სახეები, არღვევენ "წესიერების ელემენტრულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან".

ჯაფარიძის თქმით, მისი და მამუკა ხაზარაძის რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ "ფაქტებს" ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ.

"ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს. ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ "ფაქტებს" იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა. ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ. ვინ იქნება შემდეგი დრო გვიჩვენებს "- წერს ჯაფარიძე. 

უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გუშინ, 9 სექტემბერს თქვა, რომ "მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდელები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, ვითომ პოლიტიკაში შემოსვლას ლამობენ, პოპულარულები არიან და ერთი სული აქვს სახელმწიფოს გზები მოუჭრას პოლიტიკაში შემოსასვლელად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს".

მისივე თქმით, ხაზარაძე არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკას იწყებს და იწყებს ტყუილით, "თუნდაც კონსორციუმთან, თუნდაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით".

შეგახენებთ, 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები