თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ფრიდი ინაშვილს: სააკაშვილი და ბოკერია წლებია ხელისუფლებაში აღარ არიან

აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დენიელ ფრიდმა ირმა ინაშვილის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერის მიერ ნახსენები მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია წლების წინ გადაირჩიეს ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით, რაც ქართული დემოკრატიის სიძლიერის ნიშანია.

"დაისვა შეკითხვა საქართველოს ისტორიაზე, ბატონ სააკაშვილსა და ბატონ ბოკერიაზე. შეკითხვის არსი, რამდენადაც მახსოვს ის იყო, მათი მმართველობის განმავლობაში უქნიათ თუ არა ისეთი რაღაცები, რაც საკამათო და თუნდაც შეუსაბამო იყო დემოკრატიულ პრინციპებთან. ალბათ, ასე იყო და ისინი ხელისუფლებიდან გადაირჩიეს მშვიდობიანად - უკვე წლებია, ხელისუფლებაში აღარ არიან.

ეს ქართული დემოკრატიის სიძლიერის ნიშანია და საბოლოო ჯამში, მგონია, უნდა აღინიშნოს მათი დამსახურებაც, ხელისუფლებიდან გადარჩევისას ძალაუფლება რომ დათმეს. ქართული პოლიტიკა ჩემი ან რომელიმე ამერიკელის განსასჯელი არაა, მაგრამ მახარებს ფაქტი, რომ მთავრობა დემოკრატიული არჩევნების გზით იცვლება - იგივეს ვერ ვიტყოდი რუსეთზე," - თქვა ფრიდმა.

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს. აუზრაურის გამოწვევის შემდეგ, ირმა ინაშვილმა შეკითხვა დასვა პანელზე, რომელშიც კურტ ვოლკერი, დენიელ ფრიდი და ლიტველი პარლამენტარი, ზიგიმინტას პავილიონისი მონაწილეობდნენ.

"მინდოდა, მიმეღო მონაწილეობა, მომესმინა ჯერ და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენებაც გამეკეთებინა. ხომ არ შეიძლება, მარტო შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე. მე მაქვს სათქმელი, რომ ბოკერია, რომელიც ჩვენზე გუშინ უამრავ ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი. მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი. ეს მაქვს სათქმელი", - თქვა მან. 

"თქვენი მეუღლე არის მწამებელი და მიიღებთ პასუხს. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მაქვს უფლება, მივიღო მონაწილეობა და გავაკეთო მოხსენება", - მიმართა მან ტაბულას დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს.

"მაკკეინის ინსტიტუტისა" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებული კონფერენცია - Now What? - გუშინ, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციას საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები