NATO- საქართველო

ხიდაშელი: რასმუსენი ამბობს, რომ NATO-ს წევრი გავხდეთ სრულად, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოს არც ერთ მეგობარს არასდროს უთქვამს, რომ ქვეყანა ნატოს წევრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე უნდა გახდეს. თინა ხიდაშელის თქმით, ანდერს ფოგ რასმუსენი საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი სრულად, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, მაგრამ შესაძლოა მხოლოდ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ამ ტერიტორიებზე. 

ასე ეხმაურება ხიდაშელი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას, რომლის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

"ჩვენი ქვეყნის არც ერთ მეგობარს ნატოსთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით არასდროს უთქვამს, რომ ეს უნდა მოხდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაწევრიანების გარეშე. ყველა, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, კარგ შემთხვევაში არის ან დეზინფორმატორი ან უბრალოდ ქვეყნის მტერი.

ის, რაზეც საუბარი იყო თავის დროზე ლუკ კოფის მოხსენებაში და დღეს უკვე რასმუსენის განცხადებაში, რაც ასევე ხშირად მოგვისმენია ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის მეგობრებისგან, არის ვერსია, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს აუცილებლად და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს, რა თქმა უნდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. თუკი ეს იქნება ყველაზე უფრო პრაგმატული და მისაღები ფორმა, ეს გაწევრიანება შეიძლება მოხდეს დათქმით, რომ მე-5 მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ანუ საქართველო ნატოს წევრი ხდება სრულად, მისი მთელი ტერიტორიით, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, მაგრამ შესაძლოა, მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - ამბობს ხიდაშელი.

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა:

"ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი - NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი მოწყობა შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს."

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები