არჩევნები 2020

დეკანოიძის თქმით, თუ ევსაქების კოალიცია უფრო დიდი იქნა პარლამენტში მათ კანდიდატს მხარს დაუჭერენ

მთავარი არხი/screenshot

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, თუ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ევროპული საქართველოს კოალიცია უფრო მრავალრიცხოვანი იქნება პარლამენტში, ენმ მათ წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ დეკანოიძემ მთავარი არხის ღამის გადაცემაში, გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად თქვა.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ცხადია, სურთ, 2020 წლის არჩევნების შემდგომ პარლამენტში ის კოალიცია იყოს უფრო დიდი, რომელშიც მათი პარტია იქნება და არა - ნაციონალური მოძრაობის. გიგა ბოკერიას თქმით, ვისაც უფრო მეტი დეპუტატის მხარდაჭერა იქნება პარლამენტში პროდასავლურ ოპოზიციას შორის, მან უნდა წამოაყენოს პრემიერობის კანდიდატი.

"ჩვენ გვინდა, ვიყოთ პროდასავლური პარტიების იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კოალიციაზე უფრო დიდი იქნება. მაშინ მათ მოუწევთ, მხარი დაგვიჭირონ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობის კოალიცია პარლამენტში უფრო მსხვილი იქნება, ისინი კრიზისს არ შექმნიან და ენმ-ის პრემიერობის კანდიდატს დაუჭერს მხარს, როგორც ეს მოხდა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში. გიგა ბოკერიამ რამდენჯერმე ჰკითხა ხატია დეკანოიძეს - ენმ თუ გააკეთებს იმავეს. 

"თუ ევროპული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები და სხვები, იქნებიან უფრო მრავალრიცხოვანნი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის კოალიციაა პროდასავლურ ოპოზიციას შორის, თქვენ მისცემთ ხმას ჩვენს პრემიერობის კანდიდატს? თუ თქვენი კოალიცია იქნება უფრო მრავალრიცხოვანი პარლამენტში, ვიდრე ის კოალიცია, რომლის ნაწილიც ევროპული საქართველოა, ჩვენ არ შევქმნით კრიზისს, ვინც იქნება უფრო დიდი პარლამენტში პროდასავლურებს შორის, ის წამოაყენებს პრემიერობის კანდიდატს" - ჰკითხა ბოკერიამ ენმ-ის წევრს.

"ჩვენ არასდროს გამოგვირიცხავს, რომ პარლამენტში ვითანამშრომლებთ პროდასავლურ პარტიებთან... მე ასე ვიტყოდი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან" - თქვა დეკანოიძემ.

ამაზე, გიგა ბოკერიამ დაუზუსტა, რომ მას თანამშრომლობა არ უკითხავს - "ვიკითხე, ჩვენს პრემიერობის კანდიდატს თუ მისცემთ ხმას [თუ ევროპული საქართველოს კოალიცია უფრო მრავალრიცხოვანი იქნება პარლამენტში]", რაზეც ხატია დეკანოიძემ უპასუხა - "კი, მხარდაჭერა ზუსტად, პარლამენტში". ამის შემდეგ, ბოკერიამ დეკანოიძეს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მის პოზიციას ენმ-ში ყველა გაიმეორებს.

კომენტარები