რუსული ოკუპაცია

საოკუპაციო ხაზთან ქართული საგუშაგო საოკუპაციო რეჟიმის 3 საგუშაგოს ალყაში ექცევა

COMINF

საოკუპაციო რეჟიმი კვლავ გააქტიურდა, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან, სოფელ ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად საგუშაგოებს აგებენ, ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში საოკუპაციო ძალების საგუშაგოა განთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"საოკუპაციო ძალები, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ლოკაციაზე. ხოლო, ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგო. აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან, დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი",- ამბობს სუს-ი. 

30 აგვისტოს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას.

5 სექტემბერს ოკუპირებულმა რეჟიმმა "სამხრეთ ოსეთის" დროშა 944 მეტრის სიმაღლეზე აღმართა.

კომენტარები