ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულთათვის პატივის მისაგებად აქციები შეწყვიტეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ჰონგ-კონგში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულთათვის პატივის მისაგებად აქციები ერთი დღით შეწყვიტეს.

აქტივისტებმა უარყვეს ჩინურ სახელმწიფო გაზეთის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ ისინი მასობრივ ტერორს გეგმავენ.

"ანტი-სამთავრობო ფანატიკოსები გეგმავენ მასობრივ ტერორისტულ თავდასხმებს, მათ შორის გაზსადენების აფეთქებას ჰონგ-კონგში 11 სექტემბერს. ისინი ასევე ახალისებენ თავდასხმებს მათზე, ვინც კანტონურ დიალექტზე არ საუბრობს." დაიწერა China Daily-ს ფეისბუქ გვერდზე.

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტიდან 18 წელი გავიდა. 

2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19 წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ტერაქტმა 3 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა დააანონსა. მან ეს განცხადება ჰონგ-კონგელ კანონმდებლებთან და ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის დელეგატებთან შიდა შეხვედრაზე გააკეთა, თუმცა საჯაროდ ჯერ არაფერი უთქვამს.

მიმდინარე წლის ივნისიდან აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ ჰონგ-კონგში მილიონობით მოქალაქე გამოვიდა. კანონპროექტს 1997 წლის შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო აქციები მოყვა, რაც დღემდე გრძელდება.

ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.

კანონპროექტის განხილვა ივნისში საპროტესტო აქციების შედეგად შეჩერდა, თუმცა მომიტინგეები მის სრულ გაწვევას ითხოვდნენ. 

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

30 აგვისტოს ჰონგ-კონგში პოლიციამ არაერთი ცნობილი ოპოზიციონერი დააკავა, მათ შორის ჯოშუა ვონგიც, რომელიც 2014 წლის ქოლგების მოძრაობის ერთერთი ლიდერი იყო.

ოპოზიციონერი აქტივისტები 21 ივნისს უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში ჩინეთის ჯარი შევიდა და როტაცია განახორციელა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია. საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ჰონგ-კონგში მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები