არჩევნები 2020

"თქვით, რომ 2020-ში ოცნებას არ შეუქმნით მთავრობას" - ევსაქების და თავდემების მოწოდება ოპოზიციას

0 კომენტარი

ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამის შესახებ პარტიების წარმომადგენლებმა 13 სექტემბრის ბრიფინგზე განაცხადეს.

"2020-ის არჩევნები საეტაპო მნიშვნელობის იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოების ძალისხმევით ივანიშვილს მოუწია, დაეთმო პროპორციული არჩევნები.

საზოგადოების მთავარი მოთხოვნა არის ცვლილებები, ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან ისე, რომ არ დატოვოს ქვეყანაში ქაოსი.

ამ მიზნით გვინდა, ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ ინიციატივა - წინასაარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ ამომრჩევლის წინაშე, რომ არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის ოცნებას არ შევუქმნით მთავრობას, რომ არჩევნების შემდეგ დავამსხვრევთ ივანიშვლის ძალაუფლების მონოპოლიას მედიაზე, სასამართლოში, პროკურატურაზე და მთლიანად ქვეყანაზე, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ოცნებასთან არჩევნების მერე არ შევალთ კოალიციაში. ეს არის და ეს იქნება ჩვენი აზრით სწორედ ის ფუნდამენტი, ერთობა, რომლითაც ჩვენ ერთი მხრივ მივაღწევთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას მშვიდობიანად და ამავე დროს, პარტიული მრავალფეროვნების ფარგლებში შევძლებთ, მაქსიმალურად ბევრი ამომრჩეველი მოვიყვანოთ არჩევნებზე, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება, სწორედ ესაა დღეს მთავარი, რომ მკაფიოდ ყველა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელმა თქვას - არ შევუქმნით ივანიშვილს მთავრობას და არ შევუქმნით ივანიშვილს კოალიციას

ცალკე ქართული ოცნება 50%-ს ვერ აიღებს და ეს შესაძლებელს გახდის არეულობის და ქაოსის გარეშე ჩამოვაშოროთ ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებას, რომ ეს გახდეს წინაპირობა ქვეყნის განვითარების და პროგრესის.

ჩვენ მზად ვართ, ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციისთვის, მზად ვართ, მათ შორის, ვიმუშაოთ თუ აუცილებლობა იქნება მემორანდუმის ტექსტზეც, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ წყალგამყოფი ხაზი გადის სწორედ აქ - არ შევუქმნათ ივანიშვილს მთავრობა 2020-ის არჩევნების შემდეგ" - განაცხადა ბრიფინგზე ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

თავისუფალი დემოკრატების წევრის სანდრო ბარამიძის თქმით, მათ პარტიას ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს.

"ხელისუფლებაში შვიდწლიანი ყოფნის შედეგად ჩვენ მივიღეთ სრულიად ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთი კაცის დიქტატის ქვეშ იმყოფება, ჩვენ არ არ დავუჭერთ მხარს არც ერთ ისეთ კონფიგურაციას, სადაც ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ექნება შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს მთავრობა, ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, უნდა წავიდეს მშვიდობიანად. მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას, შეუერთდეს ამ ინიციატივას და მკაფიოდ განაცხადოს, რომ არ დაუჭერს მხარს ქართული ოცნების ქვეშ მყოფ არც ერთ პოლიტიკურ კოალიციას" - განაცხადა ბარამიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები