ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი

ზახაროვა საქართველოზე: ამერიკელი კოლეგები იარაღით ამარაგებენ, ითრევენ სამხედრო ბლოკებში

მარია ზახაროვა
RT

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი "თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია" და ამას ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ადასტურებს.  

"აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ფაქტისა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას ვუთხრა, თუ სურთ, გაიგონ რა ხდება აფხაზეთსა და ოსეთში, უნდა ესტუმრონ მათ. უნდა ესაუბრონ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს და მუშაობს და არა მათ, ვინც ბოლო წლების განმავლობაში იქ არ ყოფილა,"-თქვა ზახაროვამ. 

მარია ზახაროვას თქმით, ამერიკელი კოლეგები რუსეთს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ადანაშაულებენ და მშვიდობის ნაცვლად, დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს.   

"ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით კი ამერიკელი კოლეგები განაგრძობენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დადანაშაულებას. ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ყველაფერს პირიქით აკეთებენ ამიერკავკასიაში დესტაბილიზაციისთვის. თუ კონკრეტული ფაქტების შესახებ ვილაპარაკებთ, ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით და ითრევენ სამხედრო ბლოკებში. ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამას ხსნიან ამ სახელმწიფოს და მთლიანად რეგიონის სტაბილურობით და გამუდმებით საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე,"-თქვა ზახაროვამ.  

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მოქმედ ე.წ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას 9 კონკურენტი ჰყავდა, თუმცა არჩევნებში კვლავ მან გაიმარჯვა. არსებული ინფორმაციით, სეპარატისტულ არჩევნებში 116 000 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. გახსნილი იყო 150 საარჩევნო უბანი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ არჩევნები იყო "მორიგი უკანონო ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული".  

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ირლანდიამ, კანადამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, ფინეთმა, ჩეხეთმა - ჯამში 15-მა სახელმწიფომ, ერთობლივი განცხადებით დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. 

ოკუპირებული აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონთან ერთად, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს აღიარებული. ამ რეგიონებს, რომლებიც მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მთავრობები მართავენ.

კომენტარები