გიორგი გახარია

Bloomberg: გახარიას გაპრემიერება აშშ-სა და ევროპას უნდა აშფოთებდეს

ტაბულა

ამერიკული გამოცემა Bloomberg აქვეყნებს წერილს სათაურით "რა სჭირდება საქართველოს ოპოზიციას დასავლეთისგან", სადაც ნათქვამია, რომ ივნისის მოვლენების შემდეგ საქათველოს მთავრობის მიერ გიორგი გახარიასთვის განსაკუთრებული ნდობის გამოცხადება შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის შეშფოთების საფუძველს იძლევა.

"თავიდან ივანიშვილის პარტია მოლაპარაკებაზე წავიდა. დათანხმდა რეფორმებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულებს აიძულებს, უფრო ფართო მმართველ კოალიციებში შევიდნენ. თუმცა, გასულ კვირას, პარტიამ და ლიდერმა გახარიას უფრო დიდი ნდობა გამოუცხადეს. აშშ-ს და ევროპას ეს უნდა აშფოთებდეს," - წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი, ამერიკელი ჟურნალისტი და მიმომხილველი ელაი ლეიკი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ პოსტ-საბჭოთა წლები რუსეთში გაატარა და იქაური მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს დათმო. ჟურნალისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გახარია პროდასავლურ ოპოზიციას ესხმის თავს:

"მაშინ, როცა ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ კარიერა საქართველოში, სსრკ-ს დანგრევის შემდეგ ახალი რესპუბლიკის აშენებაში გაატარა, გახარია მთელი ეს დრო ბიზნესით იყო დაკავებული მოსკოვში და რუსული მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს დათმო. მართალია, ის ამბობს, რომ აშშ კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა საქართველოსთვის და ამასთან, აკრიტიკებს აფხაზეთისა და სამხრეთის რუსულ ოკუპაციას, მან ასევე გამოძიებები დაიწყო ყველაზე ანტი-რუსული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ."

სტატიაში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გამოქვეყნდა Bloomberg-ზე, ნათქვამია, რომ საქართველოს პროდასავლური კურსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, აშშ-მ ნათელი მესიჯი გაუგზავნოს ბიძინა ივანიშვილს მომდევნო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების შესახებ.

კომენტარები