არჩევნები 2020

Bloomberg: ივანიშვილს აშშ-სგან უნდა მიუვიდეს გზავნილი, არჩევნები თავისუფლად ჩატარდეს

ამერიკული გამოცემა Bloomberg ავრცელებს სტატიას სათაურით "რა სჭირდება საქართველოს ოპოზიციას დასავლეთისგან", სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს დასავლური კურსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, მომავალი არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს.

წერილი ავტორი, ამერიკელი ჟურნალისტი ილაი ლეიკი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ აშშ-დან მკაფიო გზავნილი უნდა მიიღოს.

"საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელიც ასევე ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა, აშშ-მ უნდა გაუგზავნოს მესიჯი, რომ ის მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და აზრიანი. და თუკი ივანიშვილს სურს დესპოტივით მოიქცეს, მაშინ ამერიკაც შესაბამისად უნდა მოეპყრას," - წერია სტატიაში.

წერილში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის ქონება დასავლეთში აქვს განთავსებული, რაც აშშ-ს მასზე ზემოქმედების ბერკეტს აძლევს:

"ფაქტი, რომ მისი 5 მილიარდზე დიდი ქონება რუსეთშია დაგროვებული 1990-იან წლებში, აჩენს ეჭვებს, თუ რამდენად აქვს მასზე ბერკეტები კრემლს.

საბედნიეროდ, ივანიშვილზე აშშ-საც აქვს ბერკეტები. ბათუ ქუთელიამ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში და ამჟამად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა მითხრა, რომ ივანიშვილი ქონების ნაწილს დასავლეთში ინახავს, აქცევს რა მას ამერიკელების კონტროლის ქვეშ," - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გამოქვეყნდა Bloomberg-ზე, ნათქვამია, რომ საქართველოს დასავლური კურსისთვის მნიშვნელოვანია, რა შედეგს აჩვენებს პროდასავლური ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე.

კომენტარები