ანაკლიის პორტი

ხაზარაძე: თუ მომდევნო ორ თვეში მთავრობა ინვესტორებს ვერ შეუთანხმდა, ანაკლია არ აშენდება

0 კომენტარი
ფოტო: youtube.com EY Global

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პალიტრა ნიუსის გადაცემა პოლიტ-ქალაქში განაცხადა, რომ თუ მომდევნო ორ თვეში მთავრობასა და ინვესტორებს შორის შეთანხმება ვერ შედგება, ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდება.

"თუ გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ, თუ არ მოხდა ყველა მხარის შეჯერება, ეს არის ბანკები, ინვესტორები, სახელმწიფო და ა.შ, ანაკლიის თემა გადაიდება. გადაიდება იმ მოტივით, რომ ვერ შევთანხმდით, შესაბამისად, არ აშენდება." - ამბობს ხაზარაძე.

მისი თქმით, ანაკლიის კონსორციუმი არ დაიშლება, ხელისუფლება კი ბოლო ერთი წელია ცდილობს, პროექტს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები.

"კონსორციუმი არ დაიშლება, კონსორციუმი გააგრძელებს დავას. თუ ანაკლიის პროექტი არ დაიხურა. იმიტომ, რომ კონსორციუმმა, პრაქტიკულად, ყველა პირობა შეასრულა და ამ პირობებს ჩვენ წარვადგენთ სახელმწიფოსთან დათქმულ ვადაში და დათქმულ დროს. უბრალოდ, კიდევ ვიმეორებ, ყველაფერი იქით მიდის ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ რაღაც მიზეზის გამო, იქნას მიზეზი მოძებნილი, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს." - აცხადებს TBC ბანკისა და ლელოს დამფუძნებელი.

29 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივა.

ხაზარაძის თქმით, "15 ოქტომბერს უნდა წარდგენილ იქნას კონსორციუმის მხრიდან ინვესტორის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მზად არის, რომ ინვესტიცია ჩადოს. ამავე დროს, უნდა მოხდეს შეთანხმება დამფინანსებელ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის."

ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორები მთავრობისგან რვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის კი ყველაზე სადაო ტვირთების ღირებულების დაზღვევაა მთავრობის მხრიდან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები